ახალი ამბები

პრემიერი ქორწინების დეფინიციაზე: ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში

4 აგვისტო, 2016 • 1954
პრემიერი ქორწინების დეფინიციაზე: ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” ისეთი უმრავლესობით შევა პარლამენტში, რომ კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერს შეცვლიან.

“ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საინიციატივო ჯგუფის მიერ ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარების სურვილს.

საინიციატივო ჯგუფს სურს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების პარალელურად ამომრჩეველმა უპასუხოს შეკითხვას „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. აღნიშნული ინიციატივა ცესკომ დააკმაყოფილა და განსახილველად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.

პრეზიდენტმა 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს ეს საკითხი და ან უნდა დააკმაყოფილოს, ან არ დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასევე სჭირდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია.

მსგავსი ინიციატივა, კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის, განსაზღვრებად ჩაწერის შესახებ “ქართულ ოცნებასაც” აქვს. ოცნებას სურს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩენების  შემდეგ განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი