ახალი ამბები

ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესს დაკვირდება

4 ივლისი, 2012 • • 1299
ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესს დაკვირდება
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ქრისტინ–დემოკრატების“  წარმომადგენლები.
 
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია. კომენტარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

 
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, „შეხვედრაზე ითქვა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი ევროკავშირის წევრი  ქვეყნების, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს და დააკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, ასევე იმას, თუ რამდენად სწორად და თანაბარ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი.  პირადად  ამაზე ვესაუბრე და გამოვთქვი იმედი, რომ გვექნება შესაძლებლობა, ოპერატიულად დავუკავშირდეთ ამ ჯგუფს, ხელისუფლების მხრიდან უკანონო მოქმედებების შემთხვევაში.“

 
კოალიციის წევრის და ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, მან პირადად ისაუბრა იმ დარღვევებზე, რაც საარჩევნო პერიოდში ხდება და იმ ძალადობაზე, რასაც ხელისუფლება იყენებს.

 
„განსაკუთრებით სოფელ მერეთის ინციდენტზე გავამახვილე ყურადღება და კიდევ იმაზე, რომ პარტიებს ემუქრებათ დაყადაღება და საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორება. ევროკავშირის პრეზიდენტმა ყურადღებით მოისმინა ყოველივე ზემოთ თქმული და დაგვპირდა, რომ ამ პროცესებში ჩაერევა. ევროკავშირის განაცხადი არის ის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები,“– განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 
ოპოზიციის წარმომადგენლებამდე ევროსაბჭოს პრეზიდენტი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს.

 
ბაქრაძის განცხადებით, მათი შეხვედრა შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობებს და საქართველოს ევროპასთან დაახლოების საკითხებს.

 
ბაქრაძემ ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი დააფინანსებს საქართველოში მედიამონიტორინგს  და ევროკავშირის დამკვირვებლებიც დიდი რაოდენობით დაესწრებიან არჩევნების პროცესს.    

მასალების გადაბეჭდვის წესი