საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო TNS-ის მიერ 4 ტელეკომპანიის (მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყბელის) დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კომპანიამ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. როგორც მაუწყებლის სამურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე”
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საზოგადობრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, გენერალური დირექტორის მომართვის საფუძველზე, უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის დაკვეთის თაობაზე. მაუწყებელი საქართველოში მაღალკვალიფიციური, სანდო და ზუსტი კვლევის ჩატარებას ისახავდა მიზნად, რისთვისაც მსოფლიოში წამყვანი, მაღალი რეპუტაციის მქონე კვლევითი ორგანიზაცია TNS შეირჩა. TNS ხელშეკრულებით ვალდებულებას იღებდა მაუწყებლისთვის მიეწოდებინა მონაცემები, რომელთა ცდომილებაც 2%-ს არ აღემატებოდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეგზიტპოლის შედეგების დადგენილი წესით ცესკო-ს მონაცემთა შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა კომპანია TNS -მა აიღო.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ TNS -მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე და იმოქმედებს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში, მაუწყებლის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე. სამეურვეო საბჭო აგრძელებს საკითხის შესწავლას და დროის მოკლე მონაკვეთში საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯებისა და საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე”, – ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, მაუწყებელს კომპანიისთვის ჯერ თანხა არ გადაუხდია. სალაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა თანხა არ უნდა გადაიხადოს, რადგან TNS-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.
“მე რამდენადაც ვიცი, თანხა ჯერ გადახდილი არ არის. სამეურვეო საბჭო სწავლობს იმ ფაქტორებსა და მიზეზებს, რის გამოც ეს მოხდა და რატომ დადგა ასეთი შედეგი. ასევე სწავლობს, რა ზომების გამოყენება შეუძლია მაუწყებელს ამ მიმართულებით: ეს შეიძლება იყოს თანხის გადახდაზე საერთოდ უარის თქმა, შეიძლება იყოს სხვა ტიპის ქმედება, თუმცა კონკრეტული ღონისძიების დასახელებისაგან ახლა თავს შევიკავებდი. მომდევნო კვირაში, სავრაუდოდ, იქნება საბჭოს სხდომა და ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდება “, – განუცხადა ნეტგაზეთს სალაძემ.
ოთხი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის, მაესტროსა და GDS-ის მიერ კომპანია TNS Opinion-თან გაფორმებული კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია. საზოგადოებრივი მაუწყბლის წილი ამ თანხიდან 200 000 ლარია.