ახალი ამბები

იმამკულიევი: მარნეულის ინციდენტის საქმეზე დაკავებულები უდანაშაულონი არიან

13 ოქტომბერი, 2016 • 1412
იმამკულიევი: მარნეულის ინციდენტის საქმეზე დაკავებულები უდანაშაულონი არიან

მარნეულის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან.

ახმედ იმამკულიევის თქმით, ხელისუფლება ამ სოფლის მოსახლეობის დაშინებას ცდილობს:

“დაკავებულები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ არიან. ისინი მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ცხოვრობენ. ეს ხალხი უდანაშაულოა. “ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ, დაკავებულები არ არიან. მათი პროვოკაციით დაიწყო ინციდენტი.  იციან, რომ ორმოცდამერვე უბანზე განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც შანსი გვაქვს, რომ 2, 5 პროცენტი მოვიპოვოთ და პირველივე ტურში გავიმარჯვო. სწორედ ამიტომ აშინებენ ამ სოფლის მოსახლეობას, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ და ხმა არ მომცენ. ”

დღეს, 13 ოქტომბერს შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

12 ოქტომბრის მდგომარეობით, ცესკომ 6 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი გააუქმა. შესაბამისად, ამ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი