ახალი ამბებისაზოგადოება

გაყალბდა თუ არა არჩევნები? – რას აჩვენებს პარტიების საჩივრები

12 ოქტომბერი, 2016 • 3591
გაყალბდა თუ არა არჩევნები? – რას აჩვენებს პარტიების საჩივრები

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თუმცა ეს მათ მიერ ცესკოში შეტანილი საჩივრებით არ დასტურდება.

ამ დროისთვის (12 ოქტომბერი, 19:00 სთ) 800-ზე მეტი საჩივარია ცესკოში რეგისტრირებული, თუმცა, აქედან ზუსტად რამდენია უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ცესკოში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.

ცესკოს საჩივრების რეესტრის მიხედვით, ირკვევა, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით საჩივრები შეიტანეს მხოლოდ შვიდი პარტიის წარმომადგენლებმა, ესენია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია, პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალისთვის, ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ქართული ოცნება.

გთავაზობთ ამ პარტიების მიერ რეგისტრირებული საჩივრების ქრონიკას ცესკოს საჩივრების რეესტრის მიხედვით, რომელიც მოიცავს 12 ოქტომბრის 19:00 საათამდე მონაცემებს.

პარტიები საჩივრები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში საკითხი – შესულიყვნენ თუ არა ისინი პარლამენტში და ამით მიენიჭებინათ თუ არა ჩატარებული არჩევნებისათვის ლეგიტიმაცია.

მიუხედავად ლიდერების ამ განცხადებებისა, ირკვევა, რომ ენმ-მ საოლქო კომისიებში მხოლოდ 50-ზე მეტი საჩივარი დაარეგისტრირა. საჩივრების უმეტესობა შემაჯამებელ პროცედურებსა და ოქმების შედგენის დროს გამოვლენილ ხარვეზებს შეეხება.

პარტიამ მოითხოვა ექვს უბანზე (ბორჯომის #45 ოლქის #17, 18, 21, 44, 48 და 43 უბნები) ბიულეტენების თავიდან გადათვლა. საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნულ უბნებზე შემაჯამებელი ოქმები არასწორადაა შედგენილი და ამის საილუსტრაციოდ დასახელებულია ის, რომ ოქმებზე არასწორადაა დაფიქსირებული მათი შევსების დრო, ასევე, ზოგიერთ ოქმში გადასწორებულია მონაცემები.

ცესკოში შეტანილი საჩივრით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს წყალტუბოს #57 ოლქის 11 უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას, ვინაიდან როგორც საჩივარშია აღნიშნული, მაგალითად, #43 უბანზე შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული უბანზე მისული ამომრჩევლის ჯამური რაოდენობა, ხოლო #5, 9, 16, 22, 23, 24, 25, 26, 27 უბნებზე შემაჯამებელ მაჟორიტარულ ოქმებში მითითებული ციფრები არ შეესაბამება კენჭისყრის შემაჯამებელი პროპორციული ოქმების მონაცემებს.

ენმ-ის დამკვირვებლები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ ასევე გორის #32 ოლქის #35 და #91 უბნებზე, რადგან ბიულეტენების რაოდენობა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობას აჭარბებდა.

“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები შემაჯამებელი ოქმების წესის დარღვევით შედგენაზე მიმართავენ გორის #32 ოლქის (#4, 14, 30 32, 46, 50, 51 უბნები), დმანისის #24 ოლქის (#1 უბანი), ოზურგეთის #60 ოლქის (#24, 65 უბნები), ჭიათურის #56 ოლქის (#48 უბანი) და რუსთავის #20 (#7 უბანი) საოლქო კომისიებს. დამკვირვებლები ხშირ შემთხვევაში მიუთითებენ, რომ ოქმებში შეტანილი რიცხვები გადასწორებულია.

ენმ-ის დამკვირვებლებმა რამდენიმე საჩივარი დაწერეს ახალქალაქის #40 ოლქის 5 უბნის (#50, 61, 28, 3, 3) ინვენტარიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით. საჩივრებში აღნიშნულია, რომ უბნებზე დაულუქავი საარჩევნო დოკუმენტაცია მიიტანეს. პარტიის ყველა საჩივარი ამ დროისთვის ცესკოში განხილვის პროცესშია.

ზუგდიდის 79-ე უბანი სოფელ ჯიხაშკარში დარბეულია. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ზუგდიდის 79-ე უბანი სოფელ ჯიხაშკარში დარბეულია. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

კიდევ ერთი პარტია, რომელიც ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს, ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობაა”. ამ პარტიამ ცესკოში 100-ამდე საჩივარი დაარეგისტრირა. ყველა მათგანი შემაჯამებელი ოქმების შედგენის საკითხს შეეხება. პარტია მიმართავს ბორჯომის #45 (#14, 09, 22, 20, 27,29, 02, 08, 05 უბნები), რუსთავის #20 (#48, 68, 70, 74 უბნები), ოზურგეთის #60 (#1, 24, 45, 56 უბანი), სამგორის #6 (#3, 17, 28, 39, 61, 72, 74 უბნები) და დმანისის #24 (#11, 13, 14, 16, 24, 28, 29, 36 უბნები) საოლქო კომისიებს და მოითხოვს უბნებზე ხმების გადათვლას, რადგან მათი დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნებზე ხმის დათვლის პროცესში დაირღვა ხმების ბალანსი, დაკარგულია ბიულეტენები და ასევე ოქმებში მითითებული არ არის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.

ამას გარდა, პარტიამ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე 15 საჩივარი დაარეგისტრირა კენჭისყრის პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე მოითხოვს დაახლოებით 15 უბანზე შედეგების ბათილად ცნობად, მათ შორის მარნეულის #22 ოლქის #68 უბნისა და გურჯაანის #12 ოლქის #21 უბნებზე.

პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში მათი წევრები მოისყიდეს. ტელეკომპანია ,,კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პარტიის მიერ წარგზავნილი კომისიის წევრები გაიყიდნენ: “ვინც გვიღალატა კომისიებში, გავარკვევთ და პლაკატებს დავბეჭდავთ მათი ფოტოებით!” – აცხადებს ბურჯანაძე.

ერთ-ერთ საჩივარში ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი მოითხოვს ბორჯომის ოლქის ყველა უბნის გადათვლას ასეთი მოტივით: “საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ დაფიქსირდა უამრავ უბანზე დარღვევები, მოვითხოვ 36-ე საოლქოს ყველა უბანზე ხელმეორედ ხმების გადათვლას, როგორც პროპორციულის, ასევე მაჟორიტარების ბიულეტენების”.

ნინო ბურჯანაძე მოითხოვს, ცესკომ თავიდან გადათვალოს ყველა უბნის ბიულეტენები. ამის შესახებ მან 11 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზუგდიდის 79-ე უბანი სოფელ ჯიხაშკარში დარბეულია. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ზუგდიდის 79-ე უბანი სოფელ ჯიხაშკარში დარბეულია. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

არჩევნების შედეგებს არც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ეთანხმება, თუმცა მათ მხოლოდ ოთხი საჩივრით მიმართეს ცესკოს დარღვევების შესახებ. პარტიის დამკვირვებლებმა საგარეჯოს #11 ოლქის #4 უბანზე მომხდარ ინციდენტსა და 3 პროცედურულ დარღვევაზე დაწერეს საჩივრები. ერთი კი მცხეთის #27 ოლქში ხმების დათვლის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზზე – #7 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნით.

გაყალბებულად აცხადებს 8 ოქტომბრის არჩევნებს “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, თუმცა მათ მხოლოდ სამი საჩივარი შეიტანეს ცესკოში უბნებზე პროცედურული დარღვევების თაობაზე, ერთი კი ბორჯომის #45 ოლქში, #17 უბანზე ხმების გადათვლას შეეხება.

მხოლოდ ერთი საჩივარია შესული ცესკოში საარჩევნო ბლოკისგან “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”. საჩივარი ეხება ისნის #5 ოლქის #63 საარჩევნო უბანზე დარღვევას, რომლის მიხედვით დალუქული არ იყო სარეგისტრაციო ბეჭედი.

სამი საჩივარი აქვს ცესკოში შეტანილი მმართველ პარტიას. “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” ახალქალაქის #40 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს #49 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და პარტიის დამკვირვებლებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით და #22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას #7 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს, რადგან ხმების ბალანსი არ დგება.

ცესკომ ჯერჯერობით, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, 6 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი გააუქმა.

ზუგდიდის მე-10 უბანი. გაფუჭებული ბიულეტენები. ფოტო: ნეტგაზეთი/სტალინსკი

ზუგდიდის მე-10 უბანი. გაფუჭებული ბიულეტენები. ფოტო: ნეტგაზეთი

პარტიების გარდა, ცესკოს საჩივრებით არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიმართეს. 8 ოქტომბრის არჩევნებს 111 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა, თუმცა ცესკოში ძირითადად შესულია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – საია, ISFED, მრავალეროვანი საქართველო – საჩივრები.

საჩივრები ამ დრომდე განხილვის პროცესშია. პროცედურის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, კომისიების განკარგულებები კი შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში.

“სამართლიანი არჩევნების” პროექტების ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, საარჩევნო ოლქების წევრებმა წარდგენილ საჩივრებზე ამ დრომდე ადეკვატური რეაგირება მოახდინეს.

“აღსანიშნავია ის ძალადობის ფაქტები, რომლებიც არჩევნების დღეს დაფიქსირდა, მაგრამ საერთო ფონზე დაფიქსირებულ დარღვევებს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო”, – აცხადებს ნიჟარაძე.

მისი თქმით, დარღვევების გასაჩივრების შესახებ პარტიების სტრატეგიას ვერ შეაფასებს, ამიტომ ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ რატომ არ გაასაჩივრეს პარტიებმა არჩევნების პროცესში გამოკვეთილი გადაცდომები უფრო აქტიურად.

“ჩვენი დაკვირვებით, ჩვენივე ხმების პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც ცესკოს წინასწარ მონაცემებთან ასე ახლოსაა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები ჩაიშალა და არსებობს განმეორებით აჩევნების ჩატარების საჭიროება. იყო ფაქტები, რომლებიც ახდენს გავლენას პროცესზე, მაგრამ არც ერთი არ იძლევა ამის [არჩევნების წინასწარი შედეგების არმიღების] საფუძველს,” – აცხადებს ნიჟარაძე.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სამი პარტია შევიდა პარლამენტში: ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 48%, ენმ-მ – 27%, პატრიოტთა ალიანსმა – 5%.

მასალების გადაბეჭდვის წესი