ახალი ამბები

ტურისტები საპირფარეშოს ძიებაში

4 ივლისი, 2012 • 1326
ტურისტები საპირფარეშოს ძიებაში

ქობულეთის 9-კილომეტრიან პლაჟზე დღეისათვის მოქმედი არც ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო არ არის. ქობულეთის გამგეობაში ამბობენ, რომ ორი საპირფარეშო ერთ კვირაში გაიხსნება, კიდევ ოთხი კი 15-20 ივლისისთვის დაემატება. 

„პარკში მიმდინარეობს გრანდიოზული სამუშაოები და იქ აუცილებლად იქნება საზოგადოებრივი ტუალეტი, ორი ერთ კვირაში გაიხსნება, დანარჩენი– მოგვიანებით. სულ კი 6 საპირფარეშო იქნება,“ – თქვა „ბათუმელებთან“ საუბარში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა გურამ მჟავანაძემ.

გურამ მჟავანაძის თქმით, ტურისტული სეზონი ქობულეთს უკვე დაეტყო. ჰყავთ ვიზიტორები უკრაინიდან და თბილისიდან, თუმცა მჟავანაძემ არ იცის, რით სარგებლობენ ტურისტები მაშინ, როცა საზოგადოებრივი საპირფარეშოების გახსნამდე ერთი კვირაა დარჩენილი.

ქობულეთისგან განსხვავებით, 7-კილომეტრიან ბათუმის ბულვარში დღეისათვის 6 მოქმედი საპირფარეშოა. მათი უმრავლესობა ფასიანია და შესვლა 50 თეთრი ღირს.

„ერთი არის დუმბაძის ქუჩის გაყოლებაზე ხელმარცხნივ, მეორე არის 26 მაისის ქუჩის გაყოლებაზე, მესამე არის დელფინარიუმის წინ, მეოთხე არის ვეტერანთა კლუბთან, მეხუთე – კორტებთან მიდგმული ბიოტუალეტებია, მეექვსე – ახალ ბულვარში, ერთი კიდევ უნდა ავაშენოთ მთლად ცენტრთან, ყოფილი სტადიონთან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბაღოშვილმა. 

ბლოგერი მათე მაყაშვილი, რომელიც ხშირად მოგზაურობს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას კარგად იცნობს, ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტუალეტები მოუწესრიგებელია და არასაკმარისი.
„საზოგადოებრივი საპირფარეშოები საერთოდ არ არის საკმარისი. ერთი-ორია და იქაც საშინელი ანტისანიტარიაა. რიგები არის ყოველ საღამოს. თუ ბულვარში სეირნობისას ტუალეტში გასვლა მოგინდა, ზღვაში უნდა ჩახვიდე, სხვა გზა არ არის,“- ხუმრობს მათე მაყაშვილი.

მათე პარალელს მთასთან ავლებს, სადაც მსგავსი სერვისი საერთოდ არ არსებობს.
„მთაში საერთოდ არ არის ასეთი რამე. ერთადერთი იყო მტირალას ნაკრძალში, სადაც ნორმალური პირობები იყო. სხვაგან არსად შემხვედრია. მე ვფიქრობ, ის, ვინც ტურიზმის სფეროს კურირებს, ალბათ აზრზე არ არის, როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი საქართველოში. როდესაც შენ ვერ აკმაყოფილებ ტურისტის პირველად მოთხოვნილებებს, იქ საუბარი საერთოდ ზედმეტია იმაზე, რომ შენ მილიონ ტურისტს მიიღებ. მარტო ფეშენებელური სასტუმროების მშენებლობა არ არის ტურიზმის განვითარება,“- ამბობს მათე.

ტურისტული კომპანია „თებულო ტურის“ ხელმძღვანელის პაატა ვარდანაშვილის თქმით, უცხოელი ტურისტების ნაწილი უკვე მიეჩვია ქართულ საპირფარეშოებს. „ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ნორმაა,“ – ამბობს ის.

„მთაში პრაქტიკულად არ არსებობს არც საპირფარეშო და არც ნაგვის დასაყრელი ადგილი. თუ სადმე არის, იქაც ანტისანიტარიაა. ამიტომ ვცდილობთ ბენზინგასამართ სადგურებთან გავუჩეროთ. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება გავაჩეროთ ჯგუფები და ადამიანი შევიდეს ტუალეტში. თუმცა ბევრგან ესეც არ არის და იძულებული ვართ, ტყის პირას გავაჩეროთ მანქანა. ხანდახან თვითონ ამბობენ ტურისტები: საყოფაცხოვრებო ტუალეტში არ გვინდა, ტყის პირას გაგვიჩერე, რომ იმ სუნში და ანტისანიტარიაში არ შევიდეთო. ახალ ობიექტებს და იმ კულტურულ ძეგლებს, რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდა, სველი წერტილები აქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი,“ – ამბობს პაატა ვარდანაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი