ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შედის, თუმცა არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება

11 ოქტომბერი, 2016 • 3207
“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შედის, თუმცა არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება

“პარტრიოტთა ალიანსი” არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, თუმცა პარლამენტში შესვლას გეგმავს. პარტიის განცხადებით, 22 ნოემბერს მხარდამჭერებთან ერთად ყრილობაზე განიხილავენ, თუ როგორ გამოეხმაურონ არჩევნების შედეგებს, ნოემბრამდე კი კომენტარის გაკეთებას აღარ გეგმავენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან მოურავის განცხადებით, პარტია გამოიყენებს მინიჭებულ საპარლანენტო მანდატებს, თუმცა არჩევნების დროს გამოკვეთილი დარღვევები შესასწავლია და გადასაწყვეტია, რა ფორმით გააპროტესტებენ პატრიოტთა ალიანსის წევრები შედეგებს. სამოქმედო გეგმა ამ დროისათვის უცნობია, გარდა იმისა, რომ პარტია ერთი თვით მოვლენებს აღარ გამოეხმაურება. თარხან-მოურავი დარწმუნებულია, რომ პარტიას უფრო მაღალი შედეგი უნდა დაეფიქსირებინა.

“საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობამ ეს არჩევნები დადებითად შეაფასეს, რაც ჩვენთვის ცოტა გასაკვირია. ასევე, პარტიების უმეტესობამ მეტ-ნაკლებად პოზიტიურად შეაფასა. მათ შორის იმ პარტიებმაც, რომლებიც ბარიერს ვერ გასცდნენ.

ჩვენ არ ვართ არჩევნების შედეგებით კმაყოფილი. ამ დღეების განმავლობაში შედგა ბევრი შეხვედრა, იყო კონსულტაციები, მცდელობები, რომ დაგვისაბუთონ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. მაგრამ მე ასე ვიტყვი – არის ბევრი კითხვის ნიშანი,” – აცხადებს დავით თარხან მოურავი.

თარხან მოურავს მიაჩნია, რომ მისი პარტია ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალაა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ საკანონმდებლო ორგანოში შეასრულონ ვალდებულებები.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით “პატრიოტთა ალიანსმა” ხმების 5.01% მიიღო. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (იგივე “საქართველოს პატრიოტები”) დაფუძნდა 2012 წლის 19 დეკემბერს და სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 22 იანვარს. პარტია მოქალაქეთა ჯგუფმა დააფუძნა, მათ შორის არიან მედიაკავშირ “ობიექტივის” წარმომადგენლები და “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერები. ეს მოძრაობა კი, თავის მხრივ, 2010 წლის 22 დეკემბერს ჩამოყალიბდა.

პარტიის თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, გენერალური მდივანი კი – ირმა ინაშვილი, სამდივნოს წევრები არიან: ადა მარშანია, გიორგი ლომია, არჩილ ლეკიშვილი, რეგან (ცირა) თელოიანი, გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, გიორგი მაღლაკელიძე.

პარტია, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებით.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დეკლარირებული აქვს, რომ ის არის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ზომიერი კონსერვატიული იდეების, აგრეთვე, ქართული სულისკვეთების, კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული ფასეულობების განვრცობას.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სრულ ევროინტეგრაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სფეროების ჩათვლით, და ამავდროულად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული და კულტურული ფასეულობები სრულად უნდა იყოს დაცული და შენარჩუნებული ევროინტეგრაციის პროცესში.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 4.72%, შედეგად ამ პარტიის სახელით საქართველოს თვითმმართველობის რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებში არჩეულია 44 მუნიციპალური დეპუტატი.

“პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული და პრორუსული განწყობების გავრცელებით. მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი