BBC-ის ინფორმაციით, კომპანია Samsung მოუწოდებს მომხმარებელს, რომ გამორთონ და არ გამოიყენონ Galaxy Note 7, ვიდრე კომპანიაში მიმდინარე შიდა გამოძიება არ დასრულდება. კომპანია ასევე დროებით წყვეტს ამ ტიპის სმარტფონების წარმოებასა და გაყიდვას.
სამსუნგმა უკვე 2.5 მლნ დივაისი უკან გამოითხოვა, მას შემდეგ, რაც Galaxy Note 7-ის რამდენიმე მოწყობილობის ბატარეა აფეთქდა. დაზარალებულ მომხმარებელს კომპანიამ სმარტფონი შეუცვალა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოცვლილი მობილურებიც ალდებოდა.
“გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, გამოძიების პროცესში სამსუნგი მსოფლიოს მასშტაბით წყვეტს Galaxy Note 7-ის გაყიდვას,” – აცხადებენ კომპანიაში.
სამხრეთკორეული მედია წერს, რომ შესაძლოა კომპანიამ საერთოდ შეწყვიტოს Note-ების სერიის ახალი მოდელის წარმოება.