ახალი ამბები

გაბათილებული შედეგები და კომისიის არაკომპეტენტური წევრები საარჩევნო უბნებზე

10 ოქტომბერი, 2016 • 3144
გაბათილებული შედეგები და კომისიის არაკომპეტენტური წევრები საარჩევნო უბნებზე

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდუბის მე-15 ოლქის მე-14 უბანზე კომისიის წევრების მიერ პროცედურული დარღვევების გამო მთლიანად გაბათილდა. არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშიროსო და ადგილობრივი ორგანიზაციების ნაწილი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების კომპეტენციის ნაკლებობაზე საუბრობს.

დიდუბის მე-15 ოლქის მე-14 საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის ყველა წევრმა საკონტროლო ფურცლის ნაცვლად ხელი შემაჯამებელ ოქმს მოაწერა. შემაჯამებელი ოქმი უბნის დახურვისა და ხმების დათვლის შემდეგ უნდა შეივსოს. გარდა ამისა, მათ საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების გამო გახსნეს საარჩევნო ყუთიც, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში უნდა იყოს ხმების დათვლის პროცედურამდე.

ასევე, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსების გამო გაბათილდა დიდუბის 26-ე უბნის ხმებიც.

დიდუბის 46-ე უბანზე კი შემაჯამებელ ოქმში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატებოდა:

დიდუბის 46-ე უბნის შემაჯამებელი ოქმი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე

დიდუბის 46-ე უბნის შემაჯამებელი ოქმი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე

“საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სათანადო ტრენინგი ან გამოცდილება აკლდათ, რაც პროცესის შეფერხებას იწვევდა,”- წერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI)  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშში.

ასევე, საერთაშიროსო დამკვირვებლების მისია, რომელშიც ეუთოს, ევროპარლამეტის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები  შედიან, აცხადებენ, რომ ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი პრობლემები  “უფრო მეტად საუბნო სარჩევნო კომისიების მხრიდან პროცედურების დაუცველობით იყო გამოწვეული, ვიდრე განზრახ გაყალბებით”.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აცხადებს, რომ იმ საუბნო კომისიების უმეტესობა, რომლებსაც ორგანიზაცია დააკვირდა, იყვნენ დატრენინგებული და კომისიის წევრების 95% საარჩევნო პროცედურებს კანონის სრული დაცვით მიჰყვებოდნენ.

თუმცა, საერთაშრისო დამკირვებლები ასევე მიუთითებდნენ, რომ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებს არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია.

“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) 8 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დამკვირვებლით დააკვირდა. ნეტგაზეთი ესაუბრა ორგანიზაციის დირექტორს, მიხეილ ბენიძეს, რომელმაც განგვიმარტა, რომ პროცედურული დარღვევები იყო როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში:

“იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ხარვეზები პროცედურებთან დაკავშირებით, ან პროცედურების გარკვეული თანმიმდევრობის დაცვასთან დაკავშირებით, ან დოკუმენტაციების სწორ შევსებასთან დაკავშირებით, ხელმოწერების გაკეთებასთან დაკავშირებით, წმინდად კომპეტენციისა და ადმინისტრაციის პრობლემები, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ვნახეთ საუბნო კომისიებში. ეს ხარვეზები არ არის შედეგებზე გავლენის მქონე, მაგრამ, ნამდვილად ნეგატიურია,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას მიხეილ ბენიძემ.

გამოვლენულ ხარვეზებს  შორის ISFED-ის დირექტორი ასახელებს შემაჯამებელი ოქმების შევსებასთან დაკავშრებულ პრობლემებს. ასევე, იგი ამბობს, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შემაჯამებელ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო ხელმოწერების რაოდენობაზე, რაც კითხვებს იწვევს და მიშვნელოვანია, გადაისინჯოს ამ უბნის შედეგები.

ISFED-ის დირექტორს აქვს შენიშვნები საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობასთან დაკავშირებითაც:

“რიგ შემთხვევებში, შეგვექმნა პრობლემა შემაჯამებელი ოქმების ასლების მიღებასთან დაკავშირებით – საოლქო კომისიები ითხოვდნენ მოსაკრებლის გადახდას, რაც სასაცილოც კი არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის იმიტომ, რომ თუ დამკვირვებელს დაუყოვნებლივ არ ექნა საშუალება, მიიღონ ოლქებში შემაჯამებელი ოქმების ასლები, ამან შეიძლება გააჩინოს კითხვები, ხომ არ მიმდინარეობს რაღაც პროცესი ამ ოქმების, შესაძლოა, შეცვლასთან დაკავშირებით, ან გამჭვირვალობას შეუშალოს ხელი,”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ISFED-მა აგვისტოში გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, არსებობდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ოლქი აკომპლექტებდა არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით. მიხეილ ბენიძეს ასევე ვკითხეთ, ხომ არ მოახდინა ამ გარემოებამ ზეგავლენა კომისიის წევრების კომპეტენციაზე:

“შერჩევის პროცესთან რომ კითხვები არსებობდა, სწორედ იმაზე, რომ იქ პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციაზე და კრიტერიუმებზე დაყრდნობით არჩევა არ იყო მაინცდამაინც, ეს ზოგადი პრობლემა მგონია და ეს პრობლემა გარკვეულწილად აისახება არჩევნების დღის მიმდინარეობაზეც. ამ ეტაპზე ცოტა რთული იქნება იმის თქმა, იქ რომ რომელიმე სხვა კანდიდატი აერჩიათ, მას ექნებოდა თუ არა მსგავსი ტიპის პროცედურული ხარვეზები. ვფიქრობ, მთლიანად დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს. საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის რეფორმა, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება სწორედ იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიულად შესაბამისად მომზადებული, მათგან დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია,”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ცესკომ 2016 წლის არჩევნებისათვის სარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგების ბიუჯეტში 1 076 583 ლარი გამოყო – ამის შესახებ ნეტგაზეთს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ბუსკივაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ფაქტობრივი ხარჯი მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც არჩევნების ბიუჯეტი დაიხურება. რაც შეეხება გასული წლების არჩევნებზე ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგების ხარჯებს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს იყო 643 ათასი ლარი, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე – 780.6 ათასი ლარი, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – 700  ათასი ლარი.

საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ტრენინგს ცესკოს სსიპ-ი, საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრი უტარებს. მათსავე ვებ-გვერდზე მოცემული ცნობების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ოთხეტაპიანი ტრენინგი უტარდებათ. მათსავე საიტზე ასევე ვხედავთ მონაცემებს, რომ საუბნო კომისიის ყველა წევრი ამ ტრენინგებს არ ესწრება.

cec

სწავლების ცენტრში არ უპასუხეს ნეტგაზეთის დამატებით შეკითხვებს ამ პროცესის შესახებ და ცესკოში გადაგვამისამართეს. ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ტრენინგებს:

“უშუალოდ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ჩაუტარდა 4-ეტაპიანი, საკმაოდ ვრცელი და ხანგძლივი ტრენინგები. მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა მოდულები იყო შესული საარჩევნო პროგრამაში და ეს იყო ინტენსიური ტრენინგები. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს აქვთ უფლება, გარკვეულ ვადამდე გამოიცვალონ საკუთარი დანიშნული წევრები, ჩატარდა კიდევ ერთი რაუნდი სწორედ იმ წევრებისათვის, რომლებიც იყვნენ გამოცდილები, ბოლო მომენტში მათაც ჩაუტარდათ ტრენინგი,”- განაცხადა მან.

თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, გათვალისწინებული რაოდენობის ნახევარიც კი არ დაესწრო  27-29 სექტემბრის პერიოდში ჩატარებულ დამატებით ტრენინგებს კომისიების შეცვლილი/ახალი წევრებისა და იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს:

14362639_1168501713224436_993325111795064285_o

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად გამოიყენეს თეორიული ცოდნა საუბნო კომისიების წევრებმა, ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ უპასუხა, რომ შეფასებით ნაწილზე ის ვერ ისაუბრებს:

„მე შეფასებით ნაწილზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ საუბარია 3 702 საარჩევნო უბანზე. 3 702 საარჩევნო უბნის კომისიის წევრის კვალიფიკაციის საკითხზე, საიდანაც 6 არის არჩეული პროფესიული ნიშნით, ხოლო დანარჩენი 7 – დანიშნულია პოლიტიკური პარტიების მიერ, მათ კვალიფიკაციას ვერ შევაფასებ. მთავარია ის, რომ მათი ძირითადი ნაწილი იყო კვალიფიციური, ჩაუტარდათ საკმაოდ ბევრი ტრენინგი და ინტენსიურად სხვადასხვა ტიპის პროგრამები. სხვა დანარჩენზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით,”- განაცხადა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი