ახალი ამბები

უსუფაშვილი: 2010 წელს “თავისუფალი დემოკრატებისა” და ჩვენი ბლოკის დაშლა არასწორი იყო

10 ოქტომბერი, 2016 • 1305
უსუფაშვილი: 2010 წელს “თავისუფალი დემოკრატებისა” და ჩვენი  ბლოკის დაშლა არასწორი იყო

დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2010 წელს “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ბლოკის დაშლა არასწორი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვას, შეცდომა იყო, თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” ცალ-ცალკე მონაწილეობა, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგნაირად უპასუხა:

“არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანს, თუმცა არჩევნებამდე დანახული რეალობა ბევრ რამეს შეიძლება სხვანაირად წარმოაჩენდა. ზოგჯერ გაერთიანება კარგ ეფექტს იძლევა, ზოგჯერ არა. თუ ჩვენი პარტიების შედეგებს დავაჯამებთ, გამოდის, რომ პარლამენტში შევდიოდით, თუმცა, თუ ერთად გავიდოდით არჩევნებზე, რთული სათქმელია- ამ შედეგს მივიღებდით, უფრო მეტს თუ ნაკლებს. არჩევნების წინ პროგნოზის გაკეთება რთულია. ”

მისივე თქმით, 2010 წელს ამ ორი პარტიის ბლოკის დაშლა არასწორი იყო:

“2008-2009 წლებში ჩვენი გაერთიანება იყო სწორი. მაშინ ირაკლი ალასანია გაეროში საქართველოს წარმომადგენელი იყო,  სპეციალურად ჩავედი ნიუ იორკში, შევხვდი და შევჯერდით, რომ ბრძოლას ერთობლივად დავიწყებდით. ასე შეიქმნა “ახალ მემარჯვენეებთან” ერთად “ალიანსი საქართველოსთვის”. არასწორი იყო, რომ 2010 წელს დავიშალეთ. მას შემდეგ ბევრი რამ ერთად ვაკეთეთ, ზოგი რამ ცალ-ცალკე, მაგრამ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის წარუმატებლობით დაინტერესებული. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამიხარდა და არ მესიამოვნა “რესპუბლიკური პარტიის” ვერ მოხვედრა პარლამენტში, ამის შემდეგ ყველაზე მეტად არ გამიხარდა და არ მესიამოვნა “თავისუფალი დემოკრატების” ვერ მოხვედრა პარლამენტში. ეს ადამიანები სჭირდება ქვეყანას. ”

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, სასურველია, რომ ზოგადად, ასეთი იდეოლოგიის და პოლიტიკური პლატფორმის პოლიტიკოსებმა და ამომრჩევლებმა მეტი კონსოლიდირება მაოხდინონ.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჯამში, პარტიებმა მიიღეს 1 762 975 ხმა. ამ მონაცემების თანახმად, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ხმების 4.61 % მიიღეს,  ხოლო “რესპუბლიკურმა პარტიამ” – 1.55 %.

მასალების გადაბეჭდვის წესი