ახალი ამბები

დავით უსუფაშვილის თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას

10 ოქტომბერი, 2016 • 1250
დავით უსუფაშვილის თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი  არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება ჰქონდათ, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

“საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო სერიოზული ხარვეზებიც, იყო დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა თაობაზეც ალბათ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ საარჩვნო პროცესის ან არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, რადგან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი. ჩვენ მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ამ მიმართულებით მეტი განსჯა და მეტი ანალიზი უნდა იყოს.”

დავით უსუფაშვილის თქმით, არჩვნების შედეგების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი მტრის ხატზე დაფუძნებული კამპანიაა:

“ის შფოთვა, რომელიც მეც და ბევრმა სხვამაც გაგიზიარათ, გამართლდა. არჩევნების შედეგების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად შესთავაზა ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე, სიძულვილზე, ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში წაადგება საქართველოს. ”

მისივე განცხადებით, როგორც ჩანს, ამომრჩეველმა ის პოლიტიკური პროდუქტი ვერ იხილა, რომელიც სჭირდება:

“ის პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ძალებს შორის, სხვადასხვა კომპონენტებით იყო გაბნეული, მაგრამ რომელსაც თავმოყრა სჭირდება. ამიტომ შემდგომი პოლიტიკური ციკლის ერთ-ერთი ამოცანა იქნება პოლიტიკურ სპექტრში ძალისხმევის გაერთიანება,” -განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ სრულად იქნება ჩრთული იმ პროცესებში, რაც არჩევნების სამართლიანად და მშვიდად დასრულებისთვის არის საჭირო.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც მოიცავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს, პარლამენტში შემდეგი ორი პარტია იქნება წარმოდგენილი: ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჯამში, პარტიებმა მიიღეს 1 762 975 ხმა. იმ შემთხვევაში, თუკი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო ამ ხმების 5%, გამოდის, რომ მას უნდა მიეღო 88 148 ხმა, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი, პატრიოტებმა მიიღეს 88 032 ხმა, ანუ ხმების 4.99%.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი