ახალი ამბები

ვოლსკი: პარლამენტს უნდა მიეცეს პრეზიდენტის არჩევის უფლება

10 ოქტომბერი, 2016 • 1803
ვოლსკი: პარლამენტს უნდა მიეცეს პრეზიდენტის არჩევის უფლება

დეპუტატის და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ პრეზიდენტს, არჩევნების გზით არჩევის ნაცვლად, პარლამენტი დანიშნავს:

“გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რა ფუნქციებიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, შესაბამისად, პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77 პროპორციული [პარტიული] სისტემით აირჩევა, ხოლო 73 – მაჟორიტარულით. ცესკოს პირველადი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 48. 6% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული წესით “ქართულ ოცნებას” 45-48 დეპუტატი ეყოლება, მაჟორიტარული წესით არჩევნებში კი მეორე ტური უნდა გაიმართოს. ამჟამინდელი ვითარებით მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს. საკონსტიტუციო უმრავლეობის მოსაპოვებლად 113 მანდატია საჭირო. პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად ცვლილება კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი