ახალი ამბები

წალენჯიხაში მეწყერმა ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დატოვა

29 ივნისი, 2012 •
წალენჯიხაში მეწყერმა ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დატოვა

წალენჯიხის გამგებლის, მამუკა ქარდავას ინფორმაციით, მეწყერმა სამესხიოს უბანში ერთი სახლი მთლიანად მიწაში ჩაიტანა:

“ერთი სახლი მთლიანად მეწყერს აქვს წაღებული, ექვსი სული ცხოვრობდა ამ ოჯახში და ყველა სასწაულებრივად გადარჩა, სახლი მთლიანად მიწაშია ჩატანილი, მხოლოდ სახურავი ჩანს. ეს სახლი მთის გვერდით იდგა, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად სახლს დიდი ხე დაეცა და მთლიანად მიწაში ჩაიტანა, ხის სახლი იყო, ქვის რომ ყოფილიყო, ოჯახის წევრები ვერ გადარჩებოდნენ”, – განაცხადა მამუკა ქარდავამ. მისი თქმით, დაზარალებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამესხიოს უბანში, გამგებლის ინფორმაციით, სულ 8 ოჯახი ცხოვრობს, მათ სახლებთან მისასვლელი სამანქანო გზა არ არის, თუმცა მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება ფეხით შეუძლია.

მეწყერმა ჩაანგრია სამი ხიდი:

“გარდა სამესხიოს უბნისა, ჩამტვრეულია წალენჯიხა–ჩხოროწყუს დამაკავშირებელი, ასევე ჯიხაშკართან მდებარე ხიდები.ძალიან დიდი რაოდენობის ზარალია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად ვერ გეტყვით ზარალის რაოდენობას”, – განაცხადა მამუკა ქარდავამ.

გამგებლის განცხადებით, ამ წუთებში წვიმამ გადაიღო და ხალხი გამგეობასთან ერთად ცენტრალური გზის გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი