ახალი ამბები

ფაკულტეტების კონკურსის შესახებ შაშკინის განცხადებას მიმინოშვილმა აბსურდი უწოდა

28 ივნისი, 2012 • 1275
ფაკულტეტების კონკურსის შესახებ შაშკინის განცხადებას მიმინოშვილმა აბსურდი უწოდა

მაია მიმინოშვილი
მაია მიმინოშვილი

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება, რომ სამხედრო ინჟინერიის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 70 აბიტურიენტს აქვს განაცხადი შეტანილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მაია მიმინოშვილი დიმიტრი შაშკინის მიერ გუშინ, 27 ივნისს, გაკეთებულ განცხადებას აბსურდს უწოდებს.  

 

“წელს 20 ფაკულტეტის არჩევანის საშუალება ჰქონდა აბიტურიენტს და 20 -ივე არჩევანით თუ დავთვალეთ კონკურსი, ეს იქნება სრული აბსურდი. წარმოიდგინეთ, როდესაც 20 არჩევანია გასაკეთებელი, პირველ ნომრად იმას უთითებ, სადაც ყველაზე მეტად გინდა მოხვედრა, მეოცედ კი ნებისმიერი ფაკულტეტის ჩაწერა შეიძლება. კონკურსი უნდა დადგინდეს პირველი არჩევანით. პირველადი არჩევანი საინჟინრო სპეციალობებზე, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე მართლაც გაიზარდა, თუმცა ერთ ადგილზე 70 კაცი, ეს უკვე მეტისმეტია,”- განმარტავს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. 

 

მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ ამ ციფრების დასახელებით სამინისტრო ხაზს უსვამს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტული საგნები აბიტურიენტებს შორის მართლაც მოთხოვნადია.

 

“სამხედრო ინჟინერიის ფაკულტეტის ხაზგასმაც იმიტომ ხდება, რომ თითქოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში შექმნილი სამხედრო მანქანების, მაგალითად, ლაზიკას პოპულარიზებამ ახალგაზრდობაში ამ სპეციალობებზე მოთხოვნა გაზარდა,”- ამბობს მიმინოშვილი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი