ახალი ამბები

მიმინოშვილის ახალი ორგანიზაცია განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს მიაწვდის

28 ივნისი, 2012 • 1123
მიმინოშვილის ახალი ორგანიზაცია განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს მიაწვდის

 

მაია მიმინოშვილმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ახალი ორგანიზაციის ” საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის” (EPRA) პრეზენტაციამდე, რომელიც დღეს, 28 ივნისს გაიმართა, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა.

 

“დიდი იმედი მაქვს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს კარგად ჩაივლის. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ჩვენი წამოსვლის დროს ყველაფერი ფაქტიურად მზად იყო. ტესტები, საგამოცდო ცენტრები და ა.შ. დარჩენილიყო იყო მხოლოდ ადმინისტრირება. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდები კარგად და მშვიდ გარემოში, ყველანაირი ხარვეზის გარეშე ჩატარდეს,” – განაცხადა მიმინოშვილმა. 

 

მიმინოშვილმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაახლოებით 60–მა ყოფილმა თანამშრომელმა, რომლებმაც სახელმწიფო სტრუქტურა მაისის ბოლოს დატოვეს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებები მედიას გააცნეს.

 

“ეს ორგანიზაცია ნამდვილად წარმატებული იქნება. ჩვენ განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებას შევუწყობთ ხელს. ვაპირებთ, განათლების სამინისტორს მივაწოდოთ რეკომენდაციები, ჯანსაღი ოპონირების გზით ვაიძულოთ გააკეთოს ის, რაც აუცილებელია. ძალიან ბევრი მიმართულებით ვიმუშავებთ. სხვადასხვა სახის ტრენინგს, კონსლუტაციებსა და ლიტერატურას შევთავაზებთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს და ა. შ. ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას ვაპირებთ,”- განაცხადა მიმინოშვილმა. 

 

ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი, როგორც მისი წევრები ამბობენ, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაში ხელის შეწყობაც იქნება.

მიმინოშვილის განამარტებითვე, ორგანიზაციამ ფინანსური მხარდაჭერისთვის კონლუტაციების გამართვა უკვე დაიწყო სხვადასხვა ფონდთან, მათ შორის ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსთან,” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან და USAID-თან. 

 

მიმინოშვილის თქმით, ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის თანადგომის იმედი აქვთ უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც, მათ შორის ისრაელის ნაციონალური ტესტირების ინსტიტუტის. 

 

“საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა 25 ივნისს დაარეგისტრირეს. 

 

თანამშრომელთა თქმით, ახალი ორგანიზაციის წევრი მამუკა ჯიბლაძეც იქნება, რომელიც 11 ივნისიდან რამდენიმე დღის მანძილზე გაუჩინარებული იყო და პოლიცია ეძებდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი