ახალი ამბები

კაჭკაჭიშვილი: არჩევნებზე “ჩამოუყალიბებელი” ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მივიდა

9 ოქტომბერი, 2016 • 1314
კაჭკაჭიშვილი: არჩევნებზე “ჩამოუყალიბებელი” ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მივიდა

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თუკი არჩევნებზე ის ამომრჩეველიც მივიდოდა, რომელთაც, კვლევების მიხედვით, გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, თუ ვის მისცემდა ხმას, მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებდით.

კენჭისყრაში 1, 814, 276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-ია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, უბნების 72.74%-ის შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” ხმების 49.55%-ს იღებს, ნაციონალური მოძრაობა – 26.63%-ს, ბარიერის გადალახვასთან ახლოს არის პატრიოტთა ალიანსი 4.95%-ით, ხოლო დანარჩენი პარტიები ბარიერს ვერ ლახავენ.

“ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის („ჯერ არ გადამიწყვეტია“) მნიშვნელოვანი ნაწილი (სულ მცირე, მესამედი) არ მივიდა არჩევნებზე. ხოლო ვინც მივიდა, მათგან უმრავლესობამ „ოცნებას“ ან „ნაციონალებს“ მისცა ხმა.

ბოლო კვლევები აჩვენებდა, რომ ჩამოუყალიბებელთა რაოდენობა 25% მაინც იყო, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა 60–65%–ს შორის მერყეობდა. 8 ოქტომბერს არჩევნებზე გამოცხადდა 51%, ანუ მოსალოდნელზე მინიმუმ 10%–ით ნაკლები. ეს სწორედ ის ჯგუფია, ვისაც პოლიტიკური ძალების მიმართ სკეპტიციზმი ნიჰილიზმში გადაეზარდა და სახლში დარჩა. ცხადია, ამ ჯგუფს ოპოზიციურად (ოღონდ, არა „ნაციონალების“ სასარგებლოდ) განწყობილი ამომრჩეველი შეადგენს.

არჩევნებზე მათი წასვლის შემთხვევაში პარლამენტი მრავალპარტიული იქნებოდა…,” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი