რუსთავი2-ის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებით, პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია მოხვდება – “ქართული ოცნება” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, მთელი საქართველოს მონაცემს ასახავს, ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება – 39,9%;
ნაციონალური მოძრაობა – 32%.
პატრიოტთა ალიანსი – 4,3%;
ლეიბორისტული პარტია – 4,1%;
პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის – 3,65%;
ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – 3,4%;
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – 2,9%;
სხვა პარტიები – 9,8%.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით, რომელიც 22.40 საათზე გამოქვეყნდა, მანამდე გამოქვეყნებული მონაცემები შეიცვალა, რომელიც რესპოდენტთა მონაცემების 90%-ს ასახავდა. ეგზიტპოლის ცდომილება +/- 1.5%-ია.
ეგზიტპოლის მანამდე გამოქვეყნებული შედეგით პატრიოტთა ალიანსი 5%-იან ბარიერს ლახავდა.
კომპანია GFK-ის დაკვეთით ეგზიტპოლის საველე სამუშაოები ჩაატარა კომპანია BCG-მ. 10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა 220 უბანზე. ეგზიტპოლი ჩატარდა 5 ქალაქში (ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში) და 5 რეგიონში (კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში (ზემო სვანეთის გამოკლებით) და აჭარაში).
რუსთავი 2-ის დაკვეთით GFK-მ ეგზიტპოლი ჩაატარა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის დროს, რომლის პროგნოზი დაემთხვა ცესკოს მონაცემებს, მაგალითად, თბილისში დაინიშნა მერის არჩევნების მეორე ტური. ასევე, ამ კომპანიამ რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა ეგზიტპოლი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაშინდელი ეგზიტპოლით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 66.7% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ – 20.2%. ეს მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა რეალური შედეგებისგან, რაც ცესკომ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
თუმცა ორგანიზაციამ GfK 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი ჩაატარა“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით, რომლის მონაცემებიც რეალური შედეგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. კერძოდ, ეგზიტპოლით “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა ამომრჩეველთა 35%-მა, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 30%-მა. ცესკოს მონაცემებით კი, აღნიშნულ არჩევნებში “ოცნებამ” მიიღო ხმების 54.97%, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 40.34%.