ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები

8 სექტემბერი, 2016 • 1798
თავისუფალი დემოკრატები

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დაფუძნდა 2009 წლის 16 ივლისს, რასაც წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი ელჩების ნაწილის მხრიდან თანამდებობების დატოვება, მათ შორის იყო გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია.

ალასანიამ პოლიტიკური გაერთიანება შექმნა ლევან მიქელაძესთან ერთად, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგა 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელი ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია იმედის დარბევის გამო პროტესტის ნიშნად.

2009 წელს ირაკლი ალასანიას გუნდმა პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ და “რესპუბლიკურ პარტიასთან” ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება ”ალიანსი საქართველოსთვის”. ამ ალიანსმა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ირაკლი ალასანია, რომელიც დამარცხდა სახელისუფლებო კანდიდატთან, გიგი უგულავასთან ბრძოლაში და მიიღო ხმების 19.05%, ხოლო უშუალოდ ალიანსმა მიიღო ხმების 9.19%.

2010 წლის ივნისში, „ალიანსი საქართველოსთვის“ დაიშალა. 2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებასთან”, რესპუბლიკელებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან და მრეწველებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, რის შედეგად “თავისუფალმა დემოკრატებიდან” ირაკლი ალასანია დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მაია ფანჯიკიძე – საგარეო საქმეთა მინისტრად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრად – ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრად – თეა წულუკიანი, თუმცა წულუკიანი “თავისუფალ დემოკრატებს” გამოეთიშა.

კოალიცია ქართული ოცნება 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა” მას შემდეგ, რაც დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ე.წ. კაბელების საქმის გამო და თანამდებობიდან გადადგნენ მინისტრები, რომლებიც იყვნენ თავისუფალი დემოკრატების წევრები.

2014 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა პარტიის გეგმიური ყრილობა, სადაც თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარედ იქნა არჩეული ირაკლი ალასანია. პარტიის გენერალური მდივანია ალექსი პეტრიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი