Interviewsახალი ამბები

ეკა გიგაური: წინასაარჩევნო დარღვევებს არ ჰქონია მასობრივი ხასიათი

7 ოქტომბერი, 2016 • 1332
ეკა გიგაური: წინასაარჩევნო დარღვევებს არ ჰქონია მასობრივი ხასიათი

ხვალ, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორ აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო დღეზე დაკვირვებას, როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს და რა მოლოდინები აქვთ ხვალინდელი დღის მიმართ- ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი”  “საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს” ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს ესაუბრა:

რა რესურსებით აპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას და მოიცავთ თუ არა ყველა უბანს და ოლქს 8 ოქტომბერს?

ჩვენ გვეყოლება 400 დამკვირვებელი, მოვიცავთ მთელ საქართველოს, პროპორციულად გვყავს გადანაწილებული დამკვირვებლები, გვეყოლება როგორც სტაციონარული დამკვირვებლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იქნებიან საარჩევნო უბანზე, ასევე, გვეყოლება მობილური ჯგუფები, რათა უბნების მაქსიმალური რაოდენობა მოვიცვათ. ჩვენ გვექნება ასევე ცხელი ხაზი და ე.წ. შტაბი თვითონ საერთაშორისო გამჭვირვალეობის ოფისში, თბილისში, სადაც ჩვენი დამკვირვებლები და ასევე სხვა მოქალაქეები შეძლებენ, რომ დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ინფორმაცია დარღვევბთან დაკავშირებით. ასევე პერმანენტული კომუნიკაცია გვექნება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და იმისთვის, რომ მათგანაც მოვიპოვოთ ინფორმაცია სავარაუდო დარღვევბთან დაკავშირებით და გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია. გვექნება live-feed, როგორც ტვიტერზე და ფეისბუქზე, ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე, სადაც მუდმივად იქნება მოკლე ინფორმაცია სხვადასხვა დარღვევბთან დაკავშირებით. შეჯამებითი პრესკონფერენცია დღის განმავლობაში იქნება სამჯერ, სადაც არჩევნებს შევაჯამებთ და ტენდენციებზე ვისაუბრებთ.

საარჩევნო პროცესს ძირითადად სამი ორგანიზაცია აკვირდებით- “საია”, “საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები”, ხომ არ გამოყოფდით განსხვავებულ მიმართულებებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულად დააკვირდება?

ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი საქმიანობის კოორდინირებას ვახდენთ, ვცდილობთ ერთსა და იმავე რეგიონში ერთსა და იმავე უბანზე არ გვყავდეს დამკვირვებელი და რაღაცნაირად გავაკეთოთ გადანაწილება რესურსების, მაგრამ საერთოდ კარგია, რომ ძალიან დიდი კოორდინაცია არ გვქონდეს, რადგან როდესაც აკვირდები არჩევნებს და შენი პარტნიორი ორგანიზაციაც შენ მსგავს შეფასებებს აკეთებს, ეგ უკეთესია, ვიდრე ერთხმად ვისაუბროთ რაღაც ტენდენციებზე.

პრესკონფერენციისას ხაზი გაუსვით, რომ 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო უკეთესია, ვიდრე ეს 2012 წელს იყო, რას გამოყოფდით პოზიტიურ მოვლენად და რა რჩება კვლავ პრობლემად ამ საარჩევნო ციკლში?

ყველაზე დიდი პოზიტივი არის ის, რომ მედიასაშუალებები ძალიან ეფექტურები იყვნენ წინასაარჩევნო პერიოდში. ამომრჩეველს აქვს ინფორმაცია ყველა მთავარ მოთამაშესთან დაკავშირებით, მათ პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ეს არის მედიის დამსახურება. მე მახსენდება, 2012 წელის, როდესაც ვითხოვდით must carry და must offer რეგულაციების შემოღებას ჩვენს კანონმდებლობაში იმისთვის, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებს ჰქონოდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლება. ამას ნამდვილად ვერ შევადარებ დღევანდელ გარემოს და მიუხედავად იმისა, რომ მედიასივრცე პოლარიზებულია და შეიძლება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე კითხვის ნიშნებიც არსებობდეს, მაინც კრიტიკული აზრი არსებობს ყველა მედიასაშუალებაში და ისინი ცდილობენ ინფორმაცია მიაწოდონ ამომრჩეველს.

მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებაა, რომლებსაც დიდი როლი აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. განსაკუთრებით გამოვყოფდი აუდიტის სამსახურს, რომელიც ფაქტიურად დამოუკიდებლად მოქმდებდა და ყველა პარტიასთან მიმართებაში რეაგირებდა. ვფიქრობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ აუდიტის სამსახური არ არის მიკერძოებული.

მეორეა ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩვენ გვაქვს მეტი კრიტიკა მათ მიმართ, რადგან ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ისინი ვიწროდ განმარტავენ კანონს და ცდილობენ, პოლიტიკური სუბიექტები არ გააღიზიანონ. და მიმაჩნია, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან თუ დარღვევაა, ამ დარღვევაზე უნდა რეაგირებდნენ. მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ეს ხდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედების გამო. ალბათ, უფრო მეტად კანონის განმარტების საკითხებში ჰქონდათ მათ პრობლემა.

რაც შეეხება სხვა გამოწვევებს, გვქონდა რამდენიმე ფაქტი არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობისა კამპანიაში. იყო რამდენიმე ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვის ყველა პარტიის მხრიდან, მაგრამ ამ შემთხვევებს არ ჰქონიათ მასობრივი ხასიათი და არ შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ჯგუფი ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ მოექცნენ და მათი აზრის ფორმირებაზე მოახდინა ამან გავლენა,

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ინცინდენტი გორში და მანქანის აფეთქება. ამ ყველაფერმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე, მაგრამ მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ იმდენად ცუდი გავლენა მოეხდინოს, რაც იმის თქმის საშუალებას მოგვცემდა, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო იმაზე უარესი, ვიდრე ჩვენ ეს გვქონდა 2012 წელს.

რა მოლოდინები გაქვთ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, თუ არსებობს რეგიონები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის შემცველად გეჩვენებათ დაძაბულობის შექმნის თვალსაზრისით?

იქიდან გამომდინარე, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში და სად გვქონდა შემთხვევბი, იყო ზუგდიდი და გორი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ერთნაირ ყურადღებას მივაქცევთ და ყველაფერს დავაკვირდებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი