ახალი ამბები

3 513 884 ამომრჩველი – ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

7 ოქტომბერი, 2016 • 1299
3 513 884 ამომრჩველი – ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, 3 513 884 ამომრჩეველს ცესკოში დღეს, 7 ოქტომბერს, გამართულ შემაჯამებელი ბრიფინგზე  3 600 ზე მეტ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. საარჩევნო პროცესში ჩართულ დანარჩენ მხარეებს, მათ შორის, 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიასა და 6 ბლოკს კი მოუწოდა, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

ცესკოს თამჯდომარის განცხადებით, სპეციალურად შეიქმნა 10 უბანი პენიტენციალურ დაწესებულებებში, 1 კი – საავადმყოფოში. ამასთანავე, 55 უბანი- საზღვარგარეთ, 40- ქვეყანაში სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად:

“არჩევნებს დააკვირდება  საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია. საარჩევნო პროცესს გააშუაქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი” – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ხვალ, დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩეველთა მისაღებად მზად იქნება. თითოეულ უბნის წევრს კი გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. გარდა ამისა, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებს ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო გადაეცემათ. გათვალისწინებული იქნება ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლების უფლებებიც. მათთვის ადაპტირდა 1 115 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

თამარ ჟვანიამ იმ სერვისებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანერგა:

“მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წელს პირველად ცესკო ახორციელებს ინოვაციურ საპოლოტე პროექტს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინერნეტ-ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360- გრადუსიანი ტექნოლოგიით, ცესკოს Facebook და  Youtube გვერდებზე, ასევე საიტზე მოხდება” – თქვა ჟვანიამ.

ამასთანავე, მას შემდეგ, რაც კენჭისყრის დღე დასრულდება და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე.

თამარ ჟვანიას განცხადებით, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური სარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრი, ონლაინ ჩატი და ოპერატორი, რათა ამომრჩეველს სასუალება ჰქონდეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი