ახალი ამბები

შეეზღუდებათ თუ არა პოლიციელებსა და სამხედროებს ხმის მიცემის უფლება?

7 ოქტომბერი, 2016 • 1574
შეეზღუდებათ თუ არა პოლიციელებსა და სამხედროებს ხმის მიცემის უფლება?

“ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება ჯარისა და პოლიციის უდიდეს ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს. თუმცა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებით, ჯარისა და პოლიციის უდიდესი ნაწილი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ მან ცოტა ხსნის წინ ენმ-ის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისუბრა.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა ივანიშვილის და მისი გუნდის უკანონო, მავნებლური და სამარცხვინო განზრახვის შესახებ – მთავრობის არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ახალი რეგულაციებით, ჩვენი ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ხმას მისცემს არა სპეციალურ უბნებზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ მათ უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ სახლში, საკუთარ მისამართზე მიეცათ ხმა და განეხორციელებინთ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ მიერ ორი დღის წინ მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში მივიდა მინისტრ იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ მას არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი დარჩება საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არ მიეცემათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობის,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, პრაქტიკულად, იდენტური ვითარებაა რიგით პოლიციელებთან დაკავშირებით:

“ჩვენი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე მათი უდიდესი ნაწილი გადაიყვანონ ყაზარმულ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც მათაც არ მიეცემათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა.”

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ასევე მიმართავს ბიძინა ივნიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, რომ შეცვალონ დაგეგმილი გადაწყვეტილება:

“გასაგებია, რომ გესმით, ჩვენი პოლიციის, ჩვენი ჯარის უდიდესი ნაწილი არ უჭეს მხარს თქვენს პოლიტიკას ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მოგცემთ თქვენ ხმას. მაგრამ, ჯერ ერთი, ეს თქვენ ვერ გიხსნით ხვალინდელი მარცხისგან და მეორე, ეს არის უკნონობა და შეურაცხყოფა ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელებისა და მთელი ჩვნი საზოგადოების. თქვენ ხვალინდელი მარცხის შემდეგ მინიმუმ ოთხი წელი უნდა იყოთ ოპოზიციაში და ძალიან ცუდია, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ასეთი შეურაცხმყოფელი და უკანონო ჟესტით წავა ხელისუფლებიდან. მოგიწოდებთ, შეცვალოთ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება.”

საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და განწესში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილზე სამორიგეო საათების შესაბამისად. თავდაცვის სამინისტროს დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

“ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.” – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილების თანახმად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღისთვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში სპეციალური საარჩევნო უბნები არ იქმნება. ამავე დადგენილების – “ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე, მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო ნაწილებთან ახლოს განლაგებულ ჩვეულებრივ სამოქალაქო საარჩევნო უბნებზე. სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი სულ 1290 სამხედრო მოსამსახურეა.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, არჩევნების დღეს ყველა განწესის/მორიგეობის ცვლა შესაბამისი სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის მეთაურის ან დაწესებულების/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ უნდა განხორციელდეს 13:00 საათამდე.

ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხვალ, 08:00 საათიდან, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება. სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან, და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ უბნებზე. სულ განსაზღვრულია 11 საარჩევნო უბანზე მიმაგრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი