ახალი ამბები

პარტია „თავისუფალმა საქართველომ” ქედაში ოფისი გახსნა

21 ივნისი, 2012 • 1027
პარტია „თავისუფალმა საქართველომ” ქედაში ოფისი გახსნა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს ქედის მუნიციპალიტის სოფელ მახუნცეთში პარტიის ოფისი გახსნა. ოფისის ხელმძღვანელად რომან ბედინაძე დაინიშნა.

ოფისის გახსნის შემდეგ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და პარტიის წარმომადგენლები სოფელ უჩხითში მოსახლეობას შეხვდნენ, კახა კუკავამ „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატად რამინ პაპიძე დაასახელა და განაცხადა, რომ არჩევნებამდე დრო აქვს და სხვა მაჟორიტარების დასახელებას არ ჩქარობს.

„საარჩევნო კამპანიის აქტიურად წარმართვისთვის ამ ეტაპზე ყურადღება რაიონული შტაბების გახსნაზეა გადატანილი, შტაბების გახსნის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს, შეხვედრები იგეგმება ხულოში, ღორჯომის ხეობაში, ივლისის დასაწყისში ოფისებს გავხსნით ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც“ – განაცხადა პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ რაულ ბოლქვაძემ.

„ჩვენი პარტიის კურსი მკაფიოდ განსხვავდება სხვა პარტიების პროგრამებისგან, ჩვენ ვართ ეროვნული პარტია, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოს ამერიკანიზაციას, არ გვინდა ჩვენი ჯარი ავღანეთში იბრძოდეს, თანაც გაუგებარია, რისთვის, არ ვემხრობით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, აფხაზეთისა სამაჩაბლოს გაჩუქებას. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქართულ სოფელს მაქსიმუმ 2-3 წელიწადი დასჭირდება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს ოჯახის გამოკვების პრობლემა.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დასაქმება, რომელიც მხოლოდ საწარმოების გახსნით არის შესაძლებელი, რაც გასაღების ბაზარს მოითხოვს, საქართველოს გასაღების ბაზარი თურქეთი არ არის, ჩვენ ვართ მათთვის გასაღების ბაზარი, აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა, გლეხისთვის პრობლემა მოსავლის მიღება კი არა, გასაღების ბაზრის არქონაა, ჩვენ დავაზღვევთ მოსახლეობას და ხელმისაწვდომს გავხდით ჯანდაცვას“. – განაცხადა კახა კუკავამ „ბათუმელებთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი