ახალი ამბები

“თავისუფალი ზონის” წევრები სუს-ში დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანეს

6 ოქტომბერი, 2016 • 1821
“თავისუფალი ზონის” წევრები სუს-ში დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანეს

„თავისუფალი ზონის“ წევრები,  მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე სასამართლოს განჩილების საფუძველზე მიიყვანეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს”  უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

“ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება იძულებით მოყვანაზე მოწმის სახით დაკითხვის მიზნით,” – განაცხადეს სუს-ში.

27 სექტემბერს  ბესო კალაძემ “თავისუფალი ზონისა” და ენმ-ის რიგები დატოვა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და დესტაბილიზაციას გეგმავს. მისი თქმით, ეს ძალა დესტაბილიზაციისთვის “თავისუფალ ზონასა” და მოძრაობა “საქართველოს ერთგულების სახელით” გამოიყენებს.

ბესო კალაძის თქმით, მას  უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია იგეგმება:

“ვითომ გაყალბებული არჩევნების საბაბით მოსახლეობა ქუჩაში უნდა გამოსულიყო, დაწყებულიყო საპროტესტო აქციები, უნდა ყოფილიყო პროვოკაციები, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა ყოფილიყო “თავისუფალი ზონა” და მის ბაზაზე შექმნილი ორგანიზაცია “საქართველოს ერთგულების სახელით,” – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას საბოტაჟის მუხლით აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი