ახალი ამბები

როგორ ჩაატარებს GFK “რუსთავი 2”-ის დაკვეთილ ეგზიტპოლს

6 ოქტომბერი, 2016 • 1569
როგორ ჩაატარებს GFK “რუსთავი 2”-ის დაკვეთილ ეგზიტპოლს

“რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული GFK-ის ეგზიტპოლი 8 ოქტომბერს მხოლოდ პროპორციულ ხმებს დაითვლის, მაჟორიტარულს – არა.

დღეს, 6 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა ვადიმ ვოლოსმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლს ისინი 220 საარჩევნო უბანზე ჩაატარებენ, ხოლო გამოსაკითხ ადამიანებს შეარჩევენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. სულ გამოკითხავენ 10 000 ადამიანს.

ვადიმ ვოლოსის თქმით, როგორც კი დაიხურება საარჩევნო უბნები, მალევე გამოაქვეყნებენ ეგზიტპოლის შედეგს. გამოკითხვის ენა იქნება ქართული, კითხვა კი იქნება დაახლოებით ამგვარი- რომელ პარტიას მისცეს ხმა.

ვადიმ ვოლოსის თქმით, წინასწარ რთულია იმის შესახებ საუბარი, თუ რამდენი იქნება დასაშვები ცდომილების ზღვარი. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იტყვის უარს გამოკითხვაში მონაწილეობაზე. თუმცა ვარაუდობს, რომ ცდომილების ზღვარი 1% იქნება.

ვადიმ ვოლოსმა ასევე ისაუბრა 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლზე, რომლის შედეგი დიდად განსხვავდებოდა ცესკოს მონაცემისგან. მისი თქმით, ეს ეგზიტპოლი ბრიტანულმა ჯგუფმა ჩაატარა, რომლის დროსაც იგი არ მონაწილეობდა.

ვადიმ ვოლოსის თქმით, ეგზიტპოლის შედეგის შედგენისას არ უნდა დაითვალონ იმ გამოკითხულთა ხმები, რომლებმაც უარი თქვეს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, რაც არ მოხდა 2012 წელს, რამაც განსხვავებული შედეგი დადო.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს მეთოლოგიის სიმცდარე, ვადიმ ვოლოსი ამბობს, რომ ეს არ იყო მეთოლოგიის სიმცდარე, უბრალოდ, ანგარიშის შედგენისას არ უნდა დაეთვალათ იმათი ხმები, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე.

ვოლოსის თქმით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ ადამიანების ხმები, რომლებმაც უარი განაცხადეს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, შუაზე გაყვეს, მიანიჭეს ორივე მხარეს და ასე მიიღეს მონაცემის პროცენტი.

ვადიმ ვოლოსის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე ველზე იმუშავებს 540 ინტერვიუერი, ხოლო საველე სამუშაოს კომპანია “ბისიჯი” ჩაატარებს. მისი თქმით, არ აქვთ საფუძელი იმისა, რომ ეჭვი შეიტანონ “ბისიჯის” რეპუტაციაში, რადგანაც ამ კომპანიასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, რომელთან ერთადაც ჩაატარეს ეგზიტპოლი  2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებსა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ვადიმ ვოლოსმა განაცხადა, რომ “ბისიჯის” მუშაობის მეთოდები არის სრულ შესაბამისობაში GFK-ს სახელმძღვანელო პრინციპებთან.

“რუსთავის 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ “რუსთავი 2” და GFK ერთობლივად რიგით მესამე ეგზიტპოლს ატარებენ. მისი თქმით, 2013 და 2014 წლების არჩევნებზე კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები იყო წარმატებული და არ სცდებოდა დასაშვები ცდომილების ზღვარს.

GFK  თბილისის გარდა ეგზიტპოლს 5 ქალაქში (ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში) და 5 რეგიონში (კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში (ზემო სვანეთის გამოკლებით) და აჭარაში) ჩაატარებს. ჯამში კი, ტელეკომპანიას 12 მონაცემი ექნება 5 ქალაქში, 5 რეგიონში, თბილისსა და მთელ ქვეყანაში.

GfK-მ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი ჩაატარა “საზოგადოებრივი მაუწყებლის”დაკვეთით, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა ამომრჩეველთა 35%-მა, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 30%-მა. ცესკოს მონაცემებით კი, აღნიშნულ არჩევნებში “ოცნებამ” მიიღო ხმების 54.97%, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 40.34%.

GFK-მ  ჩაატარა ეგზიტპოლი 2013 წლის საპრეზიდნტო არჩვენების დროსაც, რომლის მიხედვითაც შედეგები ასე გადანაწილდა 18:00 საათის მონაცემებით: გიორგი მარგველაშვილი – 66.7%, დავით ბაქრაძე – 20.2%, ნინო ბურჯანაძე – 7.5%, შალვა ნათელაშვილი – 2.1%, გიორგი თარგამაძე – 1.1%, კობა დავითაშვილი – 0.8%.

მასალების გადაბეჭდვის წესი