ახალი ამბები

ireporter.ge-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო ბლოგერი დაკითხეს

19 ივნისი, 2012 •
ireporter.ge-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო ბლოგერი დაკითხეს

ირაკლი კირკიტაძეს სამართალდამცავებმა 18 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე წყნეთში, მეგობრის სახლში მიაკითხეს და სახლში, ნუცუბიძეზე წაიყვანეს, სადაც დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში ირეპორტერ.გე-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე ესაუბრებოდნენ. უკვე 19 ივნისს, 01:00 საათზე, შსს-ს გლდანი-ნაძალადევის მეხუთე განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა დილის 07:00 საათამდე გაგრძელდა.

„მეუბნებოდნენ, რომ „ადმინ პანელში“ შევედი და ასე დავაზიანე ireporter.ge, მე კი ვუმტკიცებდი, რომ უდანაშაულო ვიყავი, დაკითხვისას ადვოკატი არ მომითხოვია, უხეშად არ მექცეოდნენ,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ირაკლი კირკიტაძემ, რომელიც დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა სახლში გაუშვეს.

როგორც კირკიტაძე ამბობს, სამართალდამცავებმა მისი  და მისი მეზობლების სახლებიდან 5-6 კომპიუტერი წაიღეს ექსპერტიზაზე. გამომძიებლებმა კირკიტაძეს განუმარტეს, რომ აღნიშნულ კოპმპიუტერებს ერთნაირი IP მისამართი აქვთ და შესაძლოა, სწორედ ამ მისამართიდან განხორციელდა თავდასხმა საინფორმაციო ბლოგზე.

ირაკლი კირკიტაძე ireporter.ge-ზე 2012 წლის თებერვლიდან სტატიებს აქვეყნებს კულტურასა და ხელოვნებაზე, პოლიტიკასთან დაკავშირებული ერთადერთი სტატია კი, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ 27 მაისს, თბილისში „ქართული ოცნების“ აქციის გაშუქებისას გამოაქვეყნა.

ჰაკერული შეტევა ირეპორტერ.გე-ზე 29 მაისს განხორციელდა, რის შედეგადაც საიტზე შესვლა რამდენიმე საათის მანძილზე შეფერხებული იყო. როგორც ბლოგის რედაქტორი, ნინო ჭელიძე ამბობს, საიტიდან დაიკარგა დაახლოებით 120-140 სტატია. სამართალდამცავებმა ჰაკერული შეტევის ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პოლიციაში განცხადება თავად ნინო ჭელიძემ შეიტანა. ამ დროისათვის გამოძიების მიმდინარეობაზე დამატებითი ინფორმაცია არც მას გააჩნია. შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას დაგვპირდა.

ireporter.ge-ს მსგავსად, მაისის მიწურულს, პოლიციის ცნობით, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ რამდენიმე პორტალი. სამართალდამცავებმა შემთხვევიდან მალევე 19 წლის ლევან დარჯანია დააკავეს, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია ინტერნეტ– პორტალების -presa.ge-სა droni.ge-ს ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.

ლევან დარჯანიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც სასჯელად გულისხმობს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაო ვადას 2 წლამდე, ან 3 წლამდე პატიმრობას

მასალების გადაბეჭდვის წესი