ახალი ამბები

თემურ მაისურაძე: თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში ჯდება

5 ოქტომბერი, 2016 • 1859
თემურ მაისურაძე: თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება  „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში ჯდება

„ეროვნული ფორუმის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრის, თემურ მაისურაძის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების უკან ” ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი იკვეთება. ამის შესახებ  დეპუტატმა „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

თემურ მაისურაძე  ვარაუდობს, რომ ავტომობილის აფეთქების  შესახებ გივი თარგამაძე ინფორმირებული არ იყო:

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფაქტით ასწია მუხტი, დღეს დაანონსებული აქვთ აქცია, სწორედ ამ მუხტის ასაწევად უნდა ყოფილიყო ის, რაც გუშინ მოხდა. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს თავად გივი თარგამაძეს არ უნდა სცოდნოდა, რადგან მას მოუწევს დაკითხვებზე სიარული, ასევე არსებობს სიცრუის დეტექტორი და ასეთ შემთხვევაში არანაირად არ იქნებოდა დამგეგმავისთვის ხელსაყრელი ის, რომ მსხვერპლს, ამ შემთხვევაში გივი თარგამაძეს, სცოდნოდა მოსალოდნელი აფეთქების შესახებ.”

მისივე აზრით, არჩევნებამდე დარჩენილ სამ დღეში ვერ მოხდება აფეთქების გამოძიება:

“ეს ფაქტი სწორედ ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 3 დღეში ვერ მოხდება ფაქტის გამოძიება. ფაქტია, რომ ბოლო სამი დღე საინფორმაციო საშუალებები დაკავებული იქნებიან ამ ფაქტის ტირაჟირებით. ვის ინტერესში ჯდება მომხდარი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის. ამიტომ ეს ყველაფერი ზუსტად გათვლილია ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის.”

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი  ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი