ახალი ამბებიკომენტარისამართალი

ჭიაბერაშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: ეს არის ტერაქტი

5 ოქტომბერი, 2016 • 1317
ჭიაბერაშვილი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე:  ეს არის ტერაქტი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება ტერორისტული აქტია:

“ჩვენ 1990-იანი წლების შემდეგ თბილისში მსგავსი ფაქტი არ გვინახავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მოხდა მასობრივი თავშეყრის ადგილზე, ამას შეიძლება შეწირვოდა არა უბრალოდ სამიზნე, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის გაუგონარი ფაქტი, ეს არის ტერაქტი”, -განაცხადა ჭიაბერაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გონიერ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს ამგვარი მოვლენები, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს უგუნური და ივანიშვილის მონა ხელისუფლება.

ჭიაბერაშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვას იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ აფეთქება ნაციონალური მოძრაობის დადგმულია:

“კომუნისტური აზროვნების შეთქმულების თეორიების მქონე ადამიანებს ყოველთვის სურთ, რომ დამნაშავე ყოველთვის იპოვონ მსხვერპლთა შორის”.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს მომხდარის გამოძიება შეუძლიათ, რაც შესაძლებელს გახდის ტერაქტის გახსნას, “მაგრამ რა არის პოლიტიკური დაკვეთა, ეს კარგად გამოჩნდა კვირიკაშვილის მინიშნებებში, შესაბამისად, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, სიახლეებს არ უნდა ველოდოთ”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს კოლმეურნეობის მოედანთან აფეთქდა დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა, რის შედეგადაც დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის, თარგამაძის მძღოლი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია დაშავებული ერთი მამაკაცი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, იგი რეანიმაციაში მართვითი სუნქთვის აპარატზეა მიერთებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი