ნეტგაზეთი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით შეფასების გასაკეთბლად “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს ირმა ინაშვილს დაუკავშირდა, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინდელ ამბავში შესაფასებელი არაფერია.
“რა უნდა შევაფასოთ? რა არის შესაფასებელი? არაფერსაც არ ვუკავშირებ. მიდის გამოძიება და ველოდებით გამოძების შედეგებს. რას უნდა დავუკავშიროთ?” – გვპასუხობს ირმა ინაშვილი.
დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე, მათ შორის პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომელმაც თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ირმა ინაშვილი ამბობს:
“არაფერ კვალიფიკაციას არ ვანიჭებ იმიტომ, რომ არ ვარ გამომძიებელი და პროკურორი. ბურჭულაძე როგორ ანიჭებს ტერაქტის კვალიფიკაციას, გამომძიებელია?”
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 5 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს და დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109–ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.