ახალი ამბები

წახალისებული სექსტურიზმი გონიოში

19 ივნისი, 2012 • 3472
წახალისებული სექსტურიზმი გონიოში
გონიოში 450 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ განცხადებებს იმის დასტურად ინახავენ, რომ გონიოს სექსსოფლად გადაქცევის შესახებ, გონიოს პოლიციით დაწყებული და საქართველოს პრეზიდენტით დამთავრებული, ყველას მისწერეს, მაგრამ გონიოს სექსზონად გადაქცევას არავინ შეუწუხებია.სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელებმა“ 40-მდე მოქალაქე ჩაწერა, როგორც ფარულად, ისე – საჯაროდ, მათ შორის, „სასტუმროების“ მესაკუთრეები, კაფეების მენეჯერები, სექსმუშაკები, პოლიციელები და ტაქსის მძღოლები.

ქალები შუა აზიის ქვეყნებიდან

ქალები გონიოში ჟურნალისტებთან ღია საუბარზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. მათ ეს, ალბათ, უფრო აკრძალული აქვთ. მათ ჰყავთ თავიანთი შეფები, ანუ ისინი, ვისაც გოგონები საქართველოში ჩამოჰყავთ. გონიოელების აზრით, გოგონები, ძირითადად, სოფლებიდან, ღარიბი ოჯახებიდან მათსავე თანამემამულე ქალებს მოჰყავთ დასაქმების მიზნით. გოგონების დიდი ნაწილი მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობს.

„აქ სურათებს იღებენ, თითქოს ოჯახებში დამლაგებლებად მუშაობენ, სინამდვილეში კი მეძავები ხდებიან“, – ამბობს მათ შესახებ გონიოელი მ.გ.

მუშაობენ თუ არა შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული გოგონები იძულების წესით? – „ბათუმელებს“ მათთვის პასპორტის წართმევის ფაქტი არ აღმოუჩენია, დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გოგონებს თავიანთი „დამსაქმებლების“ წინაშე ფინანსური ანგარიშვალდებულება აქვთ: ჩამოსვლის შემდეგ ისინი იხდიან დაახლოებით 700 დოლარს – მგზავრობის ღირებულებას და 5000 დოლარს – დასაქმების საზღაურს. ვალის გადახდის შემდეგ კი გამომუშავებული თანხის გაყოფა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია.

სექსმუშაკები გონიოში ერთი კლიენტისგან 150 ლარს იღებენ, შესაძლებელია ფასდაკლებაც. ზოგი მათგანი ამბობს, რომ ქართველ მამაკაცს 3-ჯერ მეტი ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი არ გაყვება.

„არა, მე მხოლოდ თურქებს მივყვები. ჩემი კლიენტები მყავს”, – ისმის ფარულ ჩანაწერწში ერთ-ერთი ქალის ხმა.

„სასტუმროს“ ქართველი მესაკუთრე კი „ქართველ კლიენტს“ ასეთ გამოსავალს სთავაზობს:  „გინდა, შენი ქალი მოიყვანე და ნომერში შეგიშვებ. მე ვინც მყავს, ყველა დაკავებულია“.

ცოტა ხნის წინ გონიოში ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა: აბდულიშების მიერ გაქირავებულ სახლში მცხოვრები სექსმუშაკებიდან ერთ-ერთმა თავი ჩამოიხრჩო. გონიოში მოისმენ იმასაც, თითქოს „ეს ქალი ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩამოახრჩვეს“. საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ქალი კი ბათუმის მერიამ დაკრძალა, როგორც უპატრონო მიცვალებული. ქალის „პატრონმა“, თურქეთის მოქალაქემ, სასწრაფოდ დატოვა გონიო. მეზობლები ამბობენ, რომ აბდულიშის სახლში სხვა გოგონებიც აღარ გამოჩენილან.

კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქის გარდაცვალების შესახებ პოლიციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა აცნობოს, რომელიც, თავის მხრივ, გარდაცვლილის ქვეყნის საელჩოს მიაწვდის ინფორმაციას, საელჩო კი ოჯახს დაუკავშირდება.

რატომ დაკრძალა ბათუმის მერიამ გარდაცვლილი მოქალაქე ურეხში, როგორც უპატრონო? – ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, ის, რომ გარდაცვლილის ვინაობის დადგენა პასპორტის უქონლობის გამო იქნებოდა შეუძლებელი. ეს ასე რომ ყოფილიყო, პირდაპირ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მერიამ ტრეფიკინგის მსხვერპლი დაკრძალა. თუმცა პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გარდაცვლილ ყირგიზეთის მოქალაქის მშობლებს არ ჰქონდათ გადასვენების ხარჯები და იგი აქ ამიტომ დაკრძალეს“.

გონიო

გონიო

მოქალაქეები გონიოდან

სოფლის მტვრიან ორღობეში ყველაფერი დაღამებისთანავე იცვლება – სატვირთო ტრაილერები მაგისტრალიდან პლაჟისკენ ჩადიან. მძღოლები მანქანებს მკვეთრი ფერებით განათებულ, ე.წ. კაფეებთან აჩერებენ. მერე იწყება ტაქსების მიმოსვლა – ტაქსებით ქალები მოდიან. ყველა „კაფედან“ ჯერ თურქული მუსიკის ხმა ისმის. ბორდელები, ძირითადად, გონიოს სკოლის ირგვლივ – საერთაშორისო მაგისტრალის ზედა და ქვედა მხარეს, პირობითად სასტუმროებშია განთავსებული.

გონიოს სკოლასთან მცხოვრები ირაკლი ამბობს, რომ, როგორც კი ბინდდება, ადგილობრივი ქალები, ასაკის განურჩევლად, გარეთ გასვლას ერიდებიან:

„კაცები იმდენად მთვრალები არიან, რომ ნებისმიერ ქალს ჰკიდებენ ხელს. ამას რომ უყურებ, თავის შეკავება ძნელია. თუ იჩხუბებ, პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქის შეურაცხყოფისთვის მკაცრად გსჯის“.

გონიოს სექსსოფლად ქცევამ მეზობლებიც გადაჰკიდა ერთმანეთს. ა. მ. ამბობს, რომ ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკებიან. ვინც უარი თქვა თავის საცხოვრებელში ბორდელის გახსნაზე, უკვე ხვდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ტურისტებს საბოლოოდ უნდა დაემშვიდობოს, ანუ მათთვის სეზონი ჩავარდება და სახლებს ბანკები გაყიდის. სამაგიეროდ, ეს საფრთხე აღარ ემუქრება მათ, ვინც სახლები უკვე გასცა „სასტუმროებად“.

მ.მ. ამბობს და სხვებიც ადასტურებენ, რომ გუგული ბაკურიძემ და ვალოდია გოგიტიძემ სახლები ბანკის ვალის გამო გააქირავეს (ამ ორი სასტუმროს მესაკუთრესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მათი მეზობლები ამბობენ, რომ ისინი საცხოვრებლად ბათუმში, ნაქირავებ ბინებში გადავიდნენ). იქვე სასტუმრო გაქირავებული აქვს გივი ბაკურიძესაც. „ბათუმელებმა“ გონიოს სკოლის გვერდით, სწორედ ამ სამი მოქალაქის კერძო საკუთრებაში მოწყობილი ბორდელები გადაიღო ფარულად.

გონიოელების თქმით, სექსტურიზმისთვის სერვისს მათ სოფელში 27 დაწესებულება ქმნის.

ხელისუფლების როლი სექსინდუსტრიის განვითარებაში

სოფელში სექსზონის ელემენტების გაჩენისთანავე 450-მა მოქალაქემ დაწერა განცხადება და გონიოს პოლიციას მიმართა დახმარების თხოვნით. ამ თხოვნაზე პოლიციამ ოფიციალურად უპასუხა, რომ საქმეში ვერ ჩაერეოდა. იგივე წერილი მოქალაქეებმა ბათუმის მერს გაუგზავნეს, მერიამ – გონიოს პოლიციას. გონიოს პოლიციიდან ხალხმა იგივე პასუხი მიიღო. მერე ახალგაზრდა ბიჭებმა ლევან ვარშალომიძეს შესჩივლეს. ვარშალომიძეს მათთვის უთქვამს: „რა გინდათ, თქვენც იგულავეთო“.

შემდეგ წერილი გონიოელებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისწერეს. წერილს ხელს 450 მოქალაქე აწერდა. დავით ბაქრაძემ ამომრჩევლისგან მიღებული წერილი ისევ გონიოს პოლიციაში გადაამისამართა. წერილი მერე პრეზიდენტთან აფრინეს. ამ წერილმაც ისევ გონიოს პოლიციამდე „იმოგზაურა“.

თუმცა პრეზიდენტთან გაგზავნილ წერილს მოჰყვა განსხვავებული რეაქციაც – აქტივისტებთან გონიოს პოლიციიდან მივიდნენ და გააფრთხილეს, საჩივრების დაწერა აღარ გაებედათ. ახლა გონიოში უგულოდ ჰყვებიან ამ ყველაფრის შესახებ და იციან, რომ არაფერი შეიცვლება. აქ ამბობენ, რომ ერთ სოფელში 27 ბორდელის გახსნა შემთხვევითობა კი არა, საქართველოს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა.

ქართული კანონმდებლობა

სხვადასხვა დანაშაულის გამოსავლენად პოლიცია უკვე წლებია აქტიურად უსმენს მოქალაქეების სატელეფონო საუბარს და იყენებს ფარული ვიდეოჩანაწერების პრაქტიკას. ასეთი საკანონმდებლო და ტექნიკური შესაძლებლობის პირობებში რატომღაც დღემდე ვერ დადგინდა გონიოში მოქმედი ე.წ. „სასტუმროების“ პროსტიტუციის მიზნით გამოყენების ნამდვილობა. მით უფრო, რომ კერძო საუბარში გონიოს სექსზონად გადაქცევას ადგილობრივი პოლიციელებიც ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ამბავი აწუხებთ კიდეც. ამ პოლიციელების აზრით, პროცესი შეუქცევადი მანამ იქნება, სანამ ქვეყნის ორიენტირი მხოლოდ ტურიზმია.

ცხადია, პოლიციელებს „ბათუმელებთან“ არ დაუსახელებიათ იმ „უფროსების“ გვარები, ვინც უშლით კანონის შესაბამისად მოქმედებას, ანუ მოქალაქეების განცხადებებზე რეაგირებას – ბორდელების მოწყობისთვის კონკრეტული ადამიანების მიმართ კონკრეტული ღონისძიების გატარებას.

გონიოელი ბ.მ. ამ ბიზნესს კიდევ ერთი თვალსაზრისით უკავშირებს პოლიციას. ის ირწმუნება, რომ როგორც კი გაჩნდება ცნობა რომელიმე სექსმუშაკის შიდსით დაავადების შესახებ, მაშინვე ჩნდებიან სოდის თანამშრომლები და სავარაუდო ინფიცირებული შესამოწმებლად მიჰყავთ. გონიოში უნახავთ შემოწმებაგავლილი ქალი უკან რომ დაუბრუნებიათ, მაგრამ ახსოვთ ისეთებიც, ვინც აღარ დაბრუნებულა. ქართული სისხლის სამართლის კოდექსით კი, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ასევე, ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა, ძალადობა ქონების განადგურების მუქარით ან მოტყუებით. შესაბამისად, პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის იჯარით გადაცემის შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, მოკვლევა დაიწყონ, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა მიიღონ დადგენილება გამოძიების დაწყების ან შეწყვეტის შესახებ. აი, სწორედ კანონის ამ მუხლის ამოქმედებას ითხოვენ გონიოში მოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი