“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა.
გიორგი გუგავას თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიაში უპირველესად ცეცხლსასროლი იარაღისა და აფეთქების სცენებით შევა:
“ყველაზე სამწუხაროა, რომ ამ აფეთქებებს, სროლებს, პროვოკაციებს ზიანი უბრალო ადამიანებისთვის მოაქვს. გუშინდელი აფეთქების შედეგად ადამიანები დაზარალდნენ და ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ვექტორი მოდის ხელისუფლებაზე. მან სახელმწიფოში უნდა უზრუნველყფოს არა მარტო წინასაარჩევნო გარემო, არამედ ზოგადად მშვიდი გარემო, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს არ უნდა ესროდნენ. არ უნდა ხდებოდეს აფეთქებები, პროვოკაციები, ძალადობა და ასე შემდეგ,” – აღნიშნავს გიორგი გუგავა.
მისივე განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დგას აფეთქების უკან:
“მე ვერ დავიწყებ მარჩიელობას და ვერსიებზე მსჯელობას, თუ ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს. ამას, იმედია, გამოძიება დაადგენს და გამოკვეთავს პასუხისმგებელ პირებს. ჩვენს ქვეყანაში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ოლიგარქის ხელისუფლებას ეკისრება.”
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.
გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.