ახალი ამბები

დიდინეძში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ენმ-ის წევრებს წარუდგინეს ბრალი

5 ოქტომბერი, 2016 • 1220
დიდინეძში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ენმ-ის წევრებს წარუდგინეს ბრალი

შსს-ის ცნობით, 1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 2 წევრს ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით, რომელიც ეხება კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას.

1 ოქტომბერს,ზუგდიდის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სცემეს. სამი ახალგაზრდა 1 ოქტომბერსვე გადაიყვანეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორ მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. “ქართულ ოცნებაში” აცხადებდნენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათ “ნაციონალური მოძრაობის” ნასვამმა აქტივისტებმა მიაყენეს, რომლებიც “ოცნების” აქტივისტების პროვოცირებას ცდილობდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი განაცხადეს, რომ დიდინეძში პარტიის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ოცამდე წევრმა გადაკეტა გზა და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას.

ომბუდსმენის წარმომადგენელთან საუბრისას ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებდა:

“დაახლოებით 21.00 საათზე ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს. სოფელში გზის პირას მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან შენიშნეს ორი პირი და დააპირეს სააგიტაციო მასალის მათთვის გადაცემა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობის ეპოქა დასრულდებოდა და ამ სოფელში მათ არაფერი ესაქმებოდათ.

აქტივისტები მათ განერიდნენ, თუმცა აღნიშნული პირები რამდენიმე წუთში მანქანით დაეწივნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სოფლის დატოვება მოსთხოვეს. გზის გაგრძელების შემდგომ ლ. დ-მ დაინახა, რომ მის მეგობრებზე დაახლოებით 7–8 პირი ძალადობდა. იგი ერთ–ერთ მათგანთან მივიდა, რომელიც მანამდე ხსენებულ ავტომობილში იჯდა, და ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო. აღნიშნულმა პირმა მას სახეში დაარტყა, წაქცეულს ყელზე ხელი მოუჭირა და დახრჩობა დაუპირა, თუმცა სოფლის სხვა მაცხოვრებლები ჩაერივნენ და გაიყვანეს. ლ.დ.-მ ფეხზე წამოდგომის შემდგომ დაინახა, რომ თ.მ. იწვა წყლის არხში, ხოლო მანამდე ავტომობილში საჭესთან მჯდომი პირი მას თავში ქვას ურტყამდა, რის შემდგომ მანაც გონება დაკარგა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი