ახალი ამბები

არასამთავრობოები: დიდინეძში მომხდარი ინციდენტი მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს უქმნის საფრთხეს

2 ოქტომბერი, 2016 • 1305
არასამთავრობოები: დიდინეძში მომხდარი ინციდენტი მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს უქმნის საფრთხეს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

“არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში,”- აცხადებენ ორგანიზაციები.

გუშინ, 1 ოქტომბერს,ზუგდიდის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სცემეს. სამი ახალგაზრდა გუშინვე გადაიყვანეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორ მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათ “ნაციონალური მოძრაობის” ნასვამმა აქტივისტებმა მიაყენეს, რომლებიც ახალგაზრდა აქტივისტების პროვოცირებას ცდილობდნენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი განაცხადეს, რომ დიდინეძში პარტიის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთს ოცამდე წევრმა გადაკეტა გზა და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას.

ომბუდსმენის წარმომადგენელთან საუბრისას ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, რომ “დაახლოებით 21.00 საათზე ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს. სოფელში გზის პირას მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან შენიშნეს ორი პირი და დააპირეს სააგიტაციო მასალის მათთვის გადაცემა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობის ეპოქა დასრულდებოდა და ამ სოფელში მათ არაფერი ესაქმებოდათ. აქტივისტები მათ განერიდნენ, თუმცა აღნიშნული პირები რამდენიმე წუთში მანქანით დაეწივნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სოფლის დატოვება მოსთხოვეს. გზის გაგრძელების შემდგომ ლ. დ-მ დაინახა, რომ მის მეგობრებზე დაახლოებით 7–8 პირი ძალადობდა. იგი ერთ–ერთ მათგანთან მივიდა, რომელიც მანამდე ხსენებულ ავტომობილში იჯდა, და ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო. აღნიშნულმა პირმა მას სახეში დაარტყა, წაქცეულს ყელზე ხელი მოუჭირა და დახრჩობა დაუპირა, თუმცა სოფლის სხვა მაცხოვრებლები ჩაერივნენ და გაიყვანეს. ლ.დ.-მ ფეხზე წამოდგომის შემდგომ დაინახა, რომ თ.მ. იწვა წყლის არხში, ხოლო მანამდე ავტომობილში საჭესთან მჯდომი პირი მას თავში ქვას ურტყამდა, რის შემდგომ მანაც გონება დაკარგა.”

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ, ასევე მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო.

“ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას და დაპირისპირებას. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს წინასაარჩევნოდ ძალადობრივი დაპირისპირების რისკი. არჩევნების წინ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება,”- აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი