ახალი ამბები

ბესელია თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: არ მინდა ვიფიქრო, რომ სცენართან გვაქვს საქმე

4 ოქტომბერი, 2016 • 1860
ბესელია თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: არ მინდა ვიფიქრო, რომ სცენართან გვაქვს საქმე

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, დღეს, 2016 წლის 4 ოქტომბერს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტის შესახებ  კომენტარი ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ეკა ბესელიამ, “ქართული ოცნების” წევრმა გააკეთა:

“ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ მოვსმინე. პირველ რიგში, კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე, და ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ბესელია.

რაც შეეხება მანქანის აფეთქების ფაქტს, ბესელია ამბობს:

“მოდით, ეს მივანდოთ საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, რასთან გვაქვს საქმე. მე ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქვა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხდებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ახლა ამ ფაქტს და არ ექნება მცდელობა იმისა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარის შექმნა. იმიტომ, რომ რაღაცნაირად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გაირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული რაღაც სცენარი. შემდეგ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელბის მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე და გულწრფელად არ მინდა ვიფიქრო, რომ ამდაგვარი რამ ხდება. ამიტომ, მოდით, გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში ამ საქმის დადგენა, ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ შეფასებები”.

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, მანქანა, რომელიც პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს ეკუთვნის, 4 ოქტომბერს 21.40 საათზე აფეთქდა. პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ აფეთქების მომენტში თარგამაძე მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა. პარტიის ცნობით, დაშავდა  ერთი ადამიანი, რომლის ვინაობა ჯერ დაუზუსტებელია. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იყო განზრახ განხორციელებული აფეთქება და  ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თარგამაძის მანქანა გაზზე არ მუშაობს. ენმ-ის დეპუტატი გივი თარგამაძე ფიქრობს, რომ მის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა უკანა სავარძლების მხარეს იყო დამონტაჟებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც გააკეთა.

თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი