ახალი ამბები

იყენებს თუ არა მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს? – 28 საჩივარი ცესკოში

4 ოქტომბერი, 2016 •
იყენებს თუ არა მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს? – 28 საჩივარი ცესკოში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ კომისიაში 28  საჩივარი შევიდა.

ცესკოს თორმეტი  საჩივრით მიმართა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, სამი საჩივრით- “თავისუფალმა დემოკრატებმა”, ორი საჩივრით – მედიის განვითარების ფონდმა, 2 საჩივრით -არასამთავრობო ორგანიზაციამ “საუნჯე”, ორი საჩივრით- “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”, ერთი საჩივრით -ფიზიკურმა პირმა, ორი საჩივრით- “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, ერთი საჩივრით- “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ”, ერთი საჩივრით- შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, ერთი საჩივრით -“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ”, ერთი  საჩივრით- უწყებათაშორისმა კომისიამ და ერთი საჩივრით- “პატრიოტთა ალიანსმა”.

“თავისუფალმა დემოკრატების” სარჩელის მიხედვით, 24 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი სამსახურის სატვირთო ავტომობილით და სპეციალური ტექნიკით “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაზიანებულ ბანერს არემონტებდა. მათი მეორე სარჩელის მიხედვით კი, 27 სექტემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს “მექანიზატორის” დირექტორი სამსახურის ავტომობილით იმყოფებოდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი მეზურნიშვილის საარჩევნო შტაბში. მათივე მესამე სარჩელის თანახმად, 24 სექტემბერს “ქართული ოცნების” კანდიატი ლევან კობერიძე ახმეტელის თეატრში გლდანისა და მუხიანის სკოლების პედაგოგებს შეხვდა განათლების მინისტრთან, სანდრო ჯეჯელავასთან ერთად. მინისტრი შეხვედრაზე კანდიდატის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა. ამავე თემაზე ცესკოს საჩივრით პატრიოტთა ალიანსმაც მიმართა.

უწყებათაშორისი კომისიის სარჩელის მიხედვით, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” მასალები ახლავს თან, 19 სექტემბერს  #22 საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისის მერთან ერთად სპორტული ბაზის სამშენებლო სამუშაოებს დაესწრო. რის შემდეგაც მოსახლეობას შეხვდნენ. ბაზას ქალაქის მერია აფინანსებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯის” სარჩელის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების შენობაში 25 სექტემბერს “ქართული ოცნების” საარჩევნო ბიულეტენები მიიტანეს და შემდეგ გადაიტანეს პარტიის ოფისში. ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე, ამ საკითხზე ცესკოს განცხადებით გორის პოლიციის სამმართველომაც მიმართა.   ეს და  ზემოთ მოყვანილი სხვა საჩივრები განხილვის პროცესშია.

“საუნჯეს”  მეორე სარჩელი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინსიტროს ფეისბუკ გვერდზე “ქართული ოცნების” სასარგებლო სააგიტაციო მასალის განთავსებას ეხება. იმავე საკითხზე ცესკოს საჩივრით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ” მიმართა.  ცესკომ ეს საჩივარი დააკმაყოფილა . დარღვევა 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ცესკომ საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” საჩივრის მიხედვით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ საკუთარ ვებგვერდზე “ქართული ოცნების” კანდიდატის წარდგენის ამსახველი მასალები განათავსა, სადაც პარტიის სიმბოლიკა იყო გამოყენებული.  თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, რადგან მოსამართლის გადწყვეტილებით დარღვევა არ არსებობს.

მათი მეორე საჩივრის მიხედვით, 18 ივლისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოცხადდა ,,ქართული ოცნების “მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებით. ავტომანქანა იდგა ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” რაიონულ ოფისთან. შეხვედრაზე შეკრებილი იყვნენ ,,ქართული ოცნების”აქტივისტები, ისინი ემზადებოდნენ ქუთაისში წასასვლელად, სადაც მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა მომხდარიყო. განმცხადებელს მიაჩნია, რომ გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე რიცხული ავტომანქანის გამოყენება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას. ცესკოს გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება. კერძოდ, მათი განცხადების თანახმად, 19 სექტემბერს ბელა შათირიშვილი სამუშაო საათებში მონაწილეობდა აგიტაციაში. შათირიშვილმა საიას განუცხადა, რომ კუთვნილი შვებულებით სარგებლობდა, თუმცა საიაში ამბობენ, რომ შვებულებაში გასვლის შესახებ გამგებლის ბრძანება 17:14 საათზე არ არსებობდა.  ცესკომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმის მასალების მიხედვით, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შათირიშვილს შესვენება აქვს.

მათი მეორე სარჩელის მიხედვით, 26 ივლისს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხედრაზე მოსახლეობა ქვიანის საჯარო სკოლის ავტობუსით გადაიყვანეს. ცესკოს მოპოვებული მასალების მიხედვით, კანდიდატს ავტობუსი იჯარით, ერთი დღით და უსასყიდლოდ გადაეცა. ამასთან, საწვავის ხარჯი კანდიდატმა გაიღო. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ცესკომ ადმინსიტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა.

“ნაციონალური მოძრაობის ” სარჩელის მიხედვით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის წინასაარჩევნო შეხვედრას 31 აგვისტოს ისნის გამგეობის და თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.  საკითხს ცესკოს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. მათი მეორე სარჩელი ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ნიგოზეთის თემის სოფლებში უფასო სამედიცინო შემოწმების ჩატარებას საკრებულოს წევრის და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხელმძღვანელობით. სარჩელი სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ადმინისტრაციული წარმოებისათვის აუცილებელი წერილობითი, ელექტრონული ან ზეპირი მტკიცებულებების არმიწოდების გამო ცესკომ “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი საჩივარი არ დააკამყოფილა. კერძოდ, საჩივრის მიხედვით, “ქართული ოცნების” ქედის ოფისში იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემო აჭარის უფროსი და თანამშრომელი მიხეილ მარგიანი, რომლებიც განცხადების თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციასა და ოპოზიციის დაშინებაში მონაწილეობენ.

სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის მიზეზით “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამ განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი კოპაძე ახალციხეში მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ღონისძიებას დაესწრო, სადაც მოსახლეობას სიტყვით მიმართა, თავის კანდიდატურაზე ისაუბრა, გასცა დაპირებები და ა.შ. ცესკოს განცხადებით, კოპაძე შეხვედრაზე აფხაზეთის ომის ვეტერანის სტატუსით იმყოფებოდა და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

იმავე მიზეზით ცესკომ “ნაციონალურ მოზრაობას” ბოლნისში მომხდარ ფაქტზეც არ დაუკმაყოფილა საჩივარი. საჩივრის მიხედვით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი და გამგებლის თანაშემწე “ქართული ოცნების” ბეჯით რუსთავში “ქართული ოცნების” კანდიდატების წარდგენას ესწრებოდნენ.

31 ივლისს სამგორის რაიონის გამგეობამ სამგორელი ახაგაზრდებისთვის ფშავში ჯომარდობა გამართა. “ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის მიხედვით, მონაწილეობა იყო უფასო, უფასოდ ხდებოდა ახალგაზრდების ტრანსპორტირება და კვება. თუმცა ცესკომ უარი თქვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ცესკო გამგეობის წერილს დაეყრდნო, რომლის მიხედვით, ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობდნენ ხელს.

მათი კიდევ ერთი საჩივრის თანახმად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატნისა და ბალღოჯიანის თემის წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ახორციელებენ პარტიულ საქმიანობას. ცესკოს მოკვლევის მიხედვით, ყვარლის გამგეობის თანამშრომლები სამუშაო საათებში აგიტაციაში არ მონაწილეობენ. ცესკომ ასევე არ დააკამყოფილა საჩივარი სამტრედიის გამგეობის თანაამშრომლების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის შესახებ.

“ნაციონალური მოძრაობის”ინფორმაციით, თელავის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, ადგილბორივებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ, რაც პარტიის აზრით დარღვევაა, თუმცა, ცესკოს მოკვლევის თანახმად, ღონისძიების ინიციატორი კერძო კლინიკა იყო და ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა. შესაბამისად, არც ეს საჩივარი დაკმაყოფილდა.

ცესკომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა ამ პარტიის კიდევ ერთ საჩივარზე, რომელიც თბილისში სკოლების პედაგოგებისთვის უფასო გამოკვლევების ჩატარებას ეხება. ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და ააიპ “ქართული ოცნება- ჯანმრთელი მომავლის” ხელმძღვანელის ინიციატივით განხორციელდა. ამ საკითხზე ცესკოსთვის საჩივრით “მედიის განვითარების ფონდსაც” ჰქონდა მიმართული.

ადმინისტრაციული წარმოება ასევე შეწყდა ზუგდიდის გამგებლის შესახებ საჩივარზეც. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ზუგდიდის გამგებელმა საფეხბურთო გუნდს  “ჩელა” სპორტული ინვენტარი გადასცვა. ცესკოს გადაწყვეტილების მიხედვით, ინვენტარი გუნდს ფეხბურთის განვითარების ფონდმა, “ვატომ გადასცა”.

ცესკომ ასევე არ დააკამყოფილა “მედიის განვითარების ფონდის” საჩივარი, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განთავსებულ ვიდეორგოლს შეეხებოდა. კერძოდ, ვიდეორგოლი ფინანსთა სამინისტროს მიერ იყო დამზადებული და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას ეხებოდა. ფონდმა მიიჩნია, რომ რეკლამა პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა  და ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენება იყო.

“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” საჩივრის თანახმად, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლები აგვისტოში”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.  მათი ინფორმაციით, ამ პერიოდში ისინი შვებულებაში არ იყვნენ. საქმე განხილვის პროცესშია.

ჯამში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიაში 9 სარჩელი განხილვის პროცესშია, დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა ორ საჩივარზე [ეს დარღვევა ერთ სამინისტროს ეხება, თუმცა საჩივარი ორმა სუბიექტმა შეიტანა სხვადასხვა დროს ცესკოში], ორ საჩივარს წერილობითი პასუხი გაეცა, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დადასტურდა 16 შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი