ახალი ამბები

განათლების მინისტრისა და “ოცნების” კანდიდატის მორიგი შეხვედრა პედაგოგებთან [ფოტო]

4 ოქტომბერი, 2016 • 1299
განათლების მინისტრისა და “ოცნების” კანდიდატის მორიგი შეხვედრა პედაგოგებთან [ფოტო]

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რასაც განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს.

საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის  პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნტის მიხედვით: “წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს: ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას”.

დაირღვა თუ არა საარჩევნო კოდექსი? – ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ცესკო იღებს, სადაც ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჯერ ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ და საჭიროების შემთხვევაში შეისწავლიან, განათლების სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ეს შეხვედრა მათ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა და ინფორმაციას არ აქვთ.

გელა სამხარაულის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ გაკეთებულ კომენტარს: “ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლება ჩვენი მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ის, რაც რეფორმით უკვე მივიღეთ, პედაგოგთა გაზრდილი ხელფასებით, სხვადასხვა საფეხურის სწავლების სახელმწიფო მხარდაჭერით თუ სხვა სახით, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არასაკმარისი. თქვენ, პედაგოგებს, გჭირდებათ მოტივაცია, რომ მუდმივად იზრუნოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს და რაც პირდაპირ კავშირშია განათლებულ თაობასთან და ქვეყნის განვითარებასთან.“

განათლების მინისტრის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის ერთ საკითხს ცესკო უკვე სწავლობს. დააჯარიმებს თუ არა ცესკოს თავმჯდომარე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, ეს იმ საჩივრების განხილვის შემდეგ გადაწყდება, რომლითაც ცესკოს “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “პატრიოტთა ალიანსმა” მიმართეს. 24 სექტემბერს გლდანში სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა ჯეჯელავამ პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობერიძესთან ერთად ჩაატარა.

ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული განათლების სამინისტროსთან წარმოებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ “24 სექტემბრის შეხვედრა განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული არ იყო”. ამასთან, განათლების სამინისტრო ცესკოს წერს სკოლის 4 დირექტორის განმარტებების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ 24 სექტემბრის შეხვედრის შესახებ რიგ შემთხვევაში ინფორმაცია “ოცნების” აქტივისტებისაგან მიიღეს, ხოლო რიგ შემთხვევაში- “ოცნების” მიერ ქუჩაში განხორციელებული სარეკლამო აქტივობებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი