ახალი ამბები

რას ითხოვენ ამომრჩევლები და კანდიდატების დაპირებები – საარჩევნო მარათონი ვაკეში [ვიდეო]

3 ოქტომბერი, 2016 • 2318
რას ითხოვენ ამომრჩევლები და კანდიდატების დაპირებები – საარჩევნო მარათონი ვაკეში [ვიდეო]

ბოლო პერიოდში გახშირებული ქუჩური გარჩევები და სროლები, ივნისის სტიქიით დაზარალებულების მდგომარეობა, ბინების დაკანონება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, – ეს საკითხები ვაკის მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად აწუხებს.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ როგორ ესახებათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები ვაკის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებს და რას ჰპირდებიან ისინი ამომრჩეველს.

წყნეთის ხევი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

წყნეთის ხევი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

2015 წელს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის ზარალი 1041 ადამიანს მიადგა. ამ დრომდე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად 90 მლნ ლარამდე დაიხარჯა. სტიქიამ 166 სახლი დააზიანა. ოჯახებს, რომელთა სახლებიც, ექსპერტების აზრით, რეკონსტურქციას ექვემდებარება, დაზარალებულთა მეორე კატეგორიას მიაკუთვნეს. ამ სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გამგეობებმა აიღეს და დაზარალებულებს რესტავრაციისთვის საჭირო თანხის ჩარიცხვას დაჰპირდნენ, თუმცა რამდენიმე ოჯახი და მერია კომპენსაციის საკითხზე ამ დრომდე ვერ თანმხდება.

სტიქიიდან ერთი წლის თავზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ვაკის რაიონში გახშირებულმა ქუჩურმა გარჩევებმა მიიქცია. ბოლო პერიოდში თავდასხმებისა და სროლების შედეგად საქართველოში არაერთი ადამიანი დაიღუპა – ერთი არასრულწლოვანი თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს.

ვაკის #2 საარჩევნო ოლქში უკანასკნელი მონაცემებით 42 390 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 12 მაჟორიტარობის კანდიდატი იყრის კენჭს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის მეორე საარჩევნო ოლქში ელენე ხოშტარიაა. არჩევის შემთხვევაში, ხოშტარია სტიქიით დაზარალებულებს ჰპირდება, რომ მათ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც საშიშ ზონაში ცხოვრობენ, ძალიან სწრაფად გამოასწორებს.

“პირველ რიგში, პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანები, რომლებიც საშიშ ზონაში და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. მათი მდგომარეობა ძალიან სწრაფად უნდა გამოსწორდეს. დაუშვებელია, ბიუროკრატიული ჩახლართულობის გამო ამ პროცესის გაჭიანურება. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ გზების დამცავების, გასამაგრებლებისა და სანიაღვრეების გაკეთება. სტიქიის შედეგების აღმოფხვრასთან ერთად, სამომავლოდ უნდა შეიქმნას ისეთ პირობები, რომ მსგავსი შემთხვევისას მინიმალური ზიანი მიადგეს მოსახლეობას. ცხადია, ამის გეგმა მაქვს,” – ამბობს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას თემატური შეხვედრა ოფისში. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარიას თემატური შეხვედრა ოფისში. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვაკის რაიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ კრიმინალურ ფაქტებს პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებს. მისი თქმით, თავიდანვე პატიმრების მასობრივი ამნისტია და ის გზავნილები, რომ კრიმინალი ყველგან ხდება, ასევე მმართველი გუნდის ოპონენტებზე ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა, კრიმინალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

“ნამდვილად გადატვირთლი იყო ციხეები და არ ვამბობ, რომ პატიმრების რაოდენობა არ უნდა შემცირებულიყო, მაგრამ რა ფორმითაც ეს ჩატარდა, იყო პირველი მიზეზი, რამაც შექმნა პრობლემა. მეორე მიზეზია პოლიტიკური გზავნილი, რომ კრიმინალი ყველგან ხდება და ამას უნდა შევეგუოთ; თავისთავად, ეს არის გზავნილი კრიმინალური სამყაროსთვის, რომ პრინციპში არ იქნება მკაცრი რეაგირება დანაშაულზე. მესამე მიზეზი არის ასევე პოლიტიკური – შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ინსტიტუტების მთელი რესურსი მიდის ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე. ძირითადად სუს–ი და პოლიცია დაკავებულია ენმ–სა და ხელისუფლების ოპონენტებზე რაღაცების კეთებით. მეოთხე, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რაც კონკრეტულად მოჰყვა პოლიტიკურ ძალადობას. არ ვამბობ, რომ პოლიცია დაინტერესებულია იმით, რომ ვიღაცამ კრიმინალი ჩაიდინოს. თუმცა, როდესაც დამნაშავე ხედავს, პოლიტიკურ ოპონენტებზე ღია ძალადობისთვის ადამიანი არ ისჯება, იქნება ეს კორცხელი, სადღობელაშვილის მივარდნები თუ სხვა ფაქტები,  ეს ქმნის ისეთ გარემოს, სადაც დამნაშავეები ბევრად უფრო ღია მოქმედებებზე გადადიან,” – ამბობს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ინტენსიურად არის წინასაარჩევნო მარათონში ჩართული და ძირითადად კარდაკარის პრინციპით ხვდება მოსახლეობას. მას ასევე აქვს როგორც თემატური, ისე საჯარო შეხვედრები. ვაკის რაიონის მოსახლეობას ენმ–ის კანდიდატი დასაქმების, ჯანდაცვის სისტემის, დაცული ბიზნესის, თავისუფალი სასამართლოსა და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ესაუბრება.

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის #2 საარჩევნო ოლქში ვიქტორ დოლიძეა. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქალაქში უსახური მაღალსართულიანი მშენებლობების დრო დასრულდება და მეტ ყურადღებას მიაქცევს ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის საკითხებს. ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების პრობლემა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად მოგვარებული, ხოლო მის გამომწვევ მიზეზად სწორედ ინფრასტრუქტურის არასწორ დაგეგმვას უკავშირებს.

“რაღაცები გაკეთდა, მათ შორის, გაიცა კომპენსაციები, მაგრამ ეს პრობლემა არ არის სრულყოფილად მოგვარებული. საკითხი მხოლოდ ვაკეს არ ეხება, მაგრამ ეს პრობლემა აქ ყველაზე მძიმედ დგას. სანამ რეალურად, საფუძვლიანად არ დავიწყებთ ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვას, არაფერი გამოგვივა. ეს არის სუფთა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც წარმოიშვა 13 ივნისს ნიაღვრის შესაბამისად. ინფრასტრუქტურა რომ უფრო გონივრულად დაიგეგმოს და გაკეთდეს, რაც არ უნდა წვიმა წამოვიდეს, ასეთ შედეგებამდე არ მივალთ. ვფიქრობთ, ახლა მაინც უნდა გამოვასწოროთ ეს თემა. ჩვენ აუცილებლად დავდებთ ქალაქისა და საერთოდ ურბანული განვითარების გეგმას, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში. განსაკუთრებით ვაკეში მაღალსართულიანი უსახური მშენებლობები საშინლად აზიანებს ქალაქს ვიზუალურად, ეკოლოგიურად და პრაგმატული თვალსაზრისითაც. ბუნებრივია, დანგრევით ვერ დაანგრევ და კერძო საკუთრებას ვერ შეეხები, მაგრამ ეს უნდა შევაჩეროთ –  კ2 კოეფიციენტის უსასრულოდ და არაგონივრულად გაზრდა,” – ამბობს თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი.

ვიქტორ დოლიძის თემატური შეხვედრა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ვიქტორ დოლიძის თემატური შეხვედრა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ვიქტორ დოლიძე პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ამომრჩეველს ჰპირდება, რომ კრიმინალთან ბრძოლა იქნება მისი გუნდის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი. მისი თქმით, ყველა საკითხზე ლიბერალური მიდგომის მომხრეა, თუმცა კრიმინალი არის ის, რასაც არ სჭირდება ზედმეტი ლიბერალობა:

“სპეცსამსახურებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამგვარ თემებს – მათ სჭირდებათ ოპერატიული სამძებრო მუშაობის გაძლიერება, ისევე, როგორც დაზვერვითი საქმიანობის გაძლიერება. ჩვენ საკმაოდ საფრთხილო გარემოში ვცხოვრობთ და გვჭირდება სერიოზული უსაფრთხოების გარანტიები. შეიძლება 100%–იანი გარანტიები არც ერთ ქვეყანას ჰქონდეს, მაგრამ კონტრდაზვერვაზე და ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებზე 21–ე საუკუნის ტექნოლოგია სჭირდება და ფულის დახარჯვა. ეს ის საქმეა, რაშიც ნამდვილად ღირს ფულის დახარჯვა და გაუმჯობესება ამ საქმიანობის. მე მომხრე ვარ ყველა თემასთან დაკავშირებით ლიბელარული მიდგომის, მაგრამ დამნაშავის დანაშაულს და ჩვენი შვილების მკვლელობას ზედმეტი ლიბერალობა არ სჭირდება.”

ვიქტორ დოლიძე ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შესახვედრად სკვერებსა და სხვა საჯარო ადგილებს იყენებს. თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი მართავს საჯარო და თემატურ შეხვედრებს. ადგილზე მართავს ბრიფინგებს და მოსახლეობის პრობლემებზე უკვე საჯაროდ საუბრობს.

ქართული ოცნების კანდიდატი ვაკის მეორე ოლქში ბიძინა გეგიძეა. წინასაარჩევნო მარათონში ყოფილი რაგბისტი ინტენსიურად ატარებს მოსახლეობასთან შეხვედრებს, თუმცა მისი მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების გარდა, ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილი ძირითადად შემთხვევით იგებს ამ ინფორმაციას. გეგიძე წინასაარჩევნოდ შეხვდა ვეტერანებს, შშმ და იძულებით გადაადგილებულ პირებს, პედაგოგებს და სტიქიით დაზარალებულებსაც.

“შარშანდელი სტიქია იყო საყოველთაო ტრაგედია და სახელმწიფომ უპრეცედენტო დახმარებები გასწია, როგორც ფულადი, ასევე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. საბოლოო ჯამში, 90 მილიონი ლარის ბიუჯეტი არის ამისთვის გამოყოფილი, მაგრამ მაინც დარჩენილია პრობლემები. ახლა გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა – ბინების დაკანონებაზე კერძო მესაკუთრეებსა და აქ მდებარე შენობა–ნაგებობებით მოსარგებლეებს შორის. სტიქიის მერე კიდევ მოხდა რაღაც საშიში პროცესები და მეორე კატეგორიის ადამიანები საკრებულომ პირველ კატეგორიაში გადაიყვანა. ბიუჯეტიდან სერიოზული თანხები გამოიყო ამისთვის. დაახლოებით 21 მილიონი გამოიყო, მაგრამ კიდევ ბევრი პრობლემაა დარჩენილი. მუნიციპალიტეტი მუშაობს, მეც ჩართული ვარ და მათთან ერთად გადავჭრი ამ პრობლემას,” – აცხადებს “ოცნების” კანდიდატი.

ელენე ხოშტარიას და ბიძინა გეგიძის დაზიანებული პლაკატები წყნეთში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარიას და ბიძინა გეგიძის დაზიანებული პლაკატები წყნეთში. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბიძინა გეგიძე მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვისა და განათლების რეფორმების შესახებ ესაუბრება. ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ნებისმიერ უსამართლობასთან საბრძოლველად მათ გვერდში დადგება. ნეტგაზეთი რამდენიმე დღე ცდილობდა გეგიძესთან დაკავშირებას, რათა მისი პოზიციაც გაეგო მკითხვესლს კრიმინალური ფაქტების შესახებ, თუმცა “ოცნების” კანდიდატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თოფაძე – მრეწველებს ვაკის მეორე ოლქში ირინე ჩხენკელი წარმოადგენს, რომელიც პირველად იღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში ჩხენკელი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მისი გუნდის პრიორიტეტი იქნება ადამიანისა და საკუთრების უფლებები, რომლის პრობლემაც იდგა ვაკეში.

“ჩვენი პარტია ემხრობა, რომ ადამიანის და საკუთრების უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული, მაგრამ სტიქიით დაზარალებულების საკითხი არ არის პარლამენტის რეგულაციის სფერო, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არეგულირებს. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად გამოსცემს ბრძანებას მსგავს საკითხებზე, რომლის მიხედვითაც იგი თავად იღებს გადაწყვეტილებას. პარლამენტი ამ საკითხში არ ერევა, მაგრამ პოზიცია პარტიისა და პირადად ჩემიც არის ის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას უნდა აუნაზღაურდეს ის დანაკლისი, რაც მიადგათ, და პირიქით მიხარია, რომ მათ უმეტესობას მოუგვარდათ ეს საკითხი,” – ამბობს ჩხენკელი.

ირინე ჩხენკელი გოგი თოფაძესთან ერთად ხვდება ვაკის მოსახლეობას

ირინე ჩხენკელი გოგი თოფაძესთან ერთად ხვდება ვაკის მოსახლეობას

მრეწველების კანდიდატი ვაკეში დაფიქსირებულ კრიმინოგენულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოსავალს იმაში ხედავს, რომ სამართალდამცველებმა დროულად უნდა გამოიძიონ მომხდარი დანაშაულები და უფრო ოპერატიულად იმუშაონ ამის პრევენციაზე:

“ეს არის არა მარტო თოფაძის პარტიის, არამედ მთელი საქართველოსთვის შემაშფოთებელი და განსაკუთრებით ვაკელებისთვის. კრიმინალის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველამ უნდა ვიბრძოლოთ.”

ირინე ჩხენკელი წინასაარჩევნო კამპანიას შერეული პრინციპით აწარმოებს, რომელშიც შედის ქუჩაში შეხვედრები მოსახლეობასთან და მრგვალი მაგიდის ფორმატში საზოგადო მოღვაწეებთან დიალოგი.

ვაკის მეორე ოლქში ეროვნული ფორუმიდან გიორგი ხეჩინაშვილი იყრის კენჭს, რომელიც წინასაარჩევნო მარათონში ასევე საჯარო და თემატურ შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ სტიქიით დაზარალებულების საკითზე მისი გუნდი აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას.

გიორგი ხეჩინაშვილის შეხვედრა ვაკის მოსახლეობასთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

გიორგი ხეჩინაშვილის შეხვედრა ვაკის მოსახლეობასთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“გაკეთდა ბევრი, მაგრამ ახლა მიწევს ვაკის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრა და ვიცით, რომ არის გარკვეული პრეტენზიები. რამდენად საფუძვლიანი და რეალიზებადია, ამას შესწავლა დასჭირდება. ვაკის რაიონის გარკვეულ სეგმენტს ეხება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოლქის ამბავი, არამედ ზოგადად ქალაქის. რასაკვირველია, პროგრამულად ეს საკითხი არ გვაქვს გამოყოფილი, მაგრამ ჩვენი გარკვეული მიმართულებები, სოციალური ნაწილი თუ სხვა, გულისხმობს სტიქიით დაზარალებულების ხელშეწყობას,” – ამბობს ხეჩინაშვილი

ეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატი კრიმინალური ვითარების შესახებ ერთადერთ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა უფრო უნდა გაამკაცრონ ქმედებები და პირველ რიგში იმუშაონ დანაშაულის პრევენციაზე.

პატრიატთა ალიანსის სახელით ვაკის მეორე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის კახი ნუცუბიძე იყრის კენჭს. მისი თქმით, მეგობრებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად სულ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, რომელთა დაკმაყოფილებაც ვერ მოხერხდა.

“დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, რომელიც ვერ დააკმაყოფილეს. ჩემი მეგობრები ცხოვრობენ მანდ და ვიცი, რომ 4–5 ოჯახი ვერ დააკმაყოფილეს, დანარჩენი დაკმაყოფილებულია. მერიასთან მოლაპარაკებები მიმდიანრეობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ჩემი მეგობარი დააკმაყოფილეს.”

წყნეთის ხევი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

წყნეთის ხევი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

 

ნუცუბიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი იარაღია ხალხში და ამიტომ გაიზარდა კრიმინალური ვითარება ქვეყანაში. მისი თქმით, ადრე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა ხალხი, ხელით ჩხუბობდნენ, დანასაც ნაკლებად იყენებდნენ და შემდეგ ერთმანეთს ეფერებოდნენ. როგორც პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ამბობს, ჩხუბებში თავადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გაცნობილი. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნუცუბიძე მოსახლეობას ჰპირდება, რომ იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებაზე მისი საბაზრო ღირებულების ნახევარს მაინც გადაიხდის და შემდეგ კანონს გაამკაცრებს.

“ძალიან ბევრი იარაღია ხალხში და ამიტომ ხდება ამდენი მკვლელობები. ამას იწვევს არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ადრე არ იყო ამდენი მკვლელობები იმიტომ, რომ ხალხი ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, დანაც ნაკლებად იყო; უფრო მუშტით ვჩხუბობდით, მერე ვრიგდებოდით და ვეფერებოდით ერთმანეთს. მე თვითონ ძალიან ბევრი ადამიანი ჩხუბში მყავს გაცნობილი. მე მაინც იარაღის ამოღების ხერხს ვცდიდი ყველანაირად. ფულს გადავუხდიდი და ამ უკანონო იარაღს ამოვიღებდი. ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს და ფულს არ მოითხოვს, ამას მივესალმები. ეს თუ არ მოხდა, ყოველთვის იქნება კრიმინალი. ჩემს ირგვლივ ბევრი რაღაც მოხდა და ძალიან მტკივნეულად განვიცდი,” – ამბობს კახი ნუცუბიძე.

ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ვაკის მოერე ოლქში მაია (თათია) პაჭკორია იყრის კენჭს. არჩევის შემთხვევაში ის მოსახლეობას ჰპირდება, რომ თბილისის მერიასთან და სტიქიით დაზარალებულთა კომიტეტთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას სტიქიის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა.

“ათასამდე დაზარალებული უკვე დაკმაყოფილებულია, სარეაბილიტაციო და სარეკუნსტრუქციო სამუშაოების ნაწილი ჩატარებულია, თუმცა პროცესი გაიწელა და არის რიგი ოჯახები, რომლებსაც არ მიუღიათ კომპენსაცია და კვლავ ქირით ცხოვრობენ. ქირის თანხას მერია ანაზღარუებს, როგორც ცნობილია. ეს არ არის პოპულისტური თემა, რომელიც საარჩევნოდ უნდა გამოიყენოს ადამიანმა. იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ სერიოზული სამუშაოები ჩაატარა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა დავინახოთ, რა არის გაკეთბული და აქედან გამომდინარე, დავგეგმოთ ჩვენი სამომავლო ურთიერთობები. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ადამიანები, რომლებმაც მიიღეს არა მხოლოდ ფინანსური და მატერიალური დანაკარგი, ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ და ემოციური დივერსიის ქვეშ აღმოჩნდნენ სტიქიის გამო. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მერიასთან და სტიქიით დაზარალებულთა კომიტეტთან ვაპირებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას ყველა პრობლემა,” – ამბობს პაჭკორია.

ნინო ბურჯანაძის პარტიის კანდიდატი მიიჩნევს, რომ კრიმინალთან საბრძოლველად აუცილებელია მეტი კონტროლი, განსაკუთრებით კი, რეიდები ახალგაზრდებში. ქუჩურ გარჩევებს ის ძალოვანი უწყებების დასუსტებას უკავშირებს. როგორც პაჭკორია ამბობს, მისი გუნდი გაამკაცრებს კანონს და ყველას ეცოდინება, რომ  ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ უკანონოდ ატარებს, მთელი სიმკაცრით დაისჯება:

“თუ რეიდი იქნება ჩასატარებელი, უნდა ჩატარდეს – განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. სრულიად ვეთანხმედობი მანდატურის სისტემა იმიტომ, რომ ბოლო სამი წელი, ახალგაზრდები ამ დროს პიროვნებებად ყალიბდებიან და უკვე გაურკვევლობაში არიან: სად არის ბიჭობა, სად არის კაცობა, რა არის ვაჟკაცობა და მუშტებზე, დანაზე, ცეცხლსასროლ იარაღზე იყურებიან. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა არსებობდეს შემაკავებელი ფაქტორი. უნდა აიკრძალოს იარაღის ტარება და განსაკუთრებული სისასტიკით დაისაჯონ დამნაშავეები. მარტო ჩემს სამეგობროში იმდენი ანგელოზივით ახალგაზრდა წავიდა უაზრო გარჩევების გამო, ვერც ჩამოვთვლი. ძალოვანი უწყებების პასუხისმგებლობა უფრო მეტია, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამოქალაქო აქტივობა სწორედ ის არის, რომ ჩვენს მეგობრებში, ახლობლებში, ყველასთან გავავრცელოთ ეს დამოკიდებულება.”

სვანიძის ქუჩა სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ.ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

სვანიძის ქუჩა სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ.ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

 

ვაკის მეორე საარჩევნო ოლქში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატებად გია ფაცურია, მირიან მირიანაშვილი და ჰამლეტ გეგია იყრიან კენჭს. ამავე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენილი არიან ზურაბ შარია “ჩვენები – სახალხო პარტიიიდან” და ნატაშა ჭელიძე “საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელებიდან”.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკიდან ვაკის მეორე ოლქში ზურაბ ჯაფარიძე იყო წარდგენილი და წინასაარჩევნო კამპანიასაც აწარმოებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გირჩისა და ბურჭულაძის გზები გაიყო, ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. ამავე ოლქში კანდიდატი არ წარუდგენიათ რესპუბლიკელებს, ხოლო თამაზ მეჭიაურის პარტიიდან ია მეტრეველმა მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ვაკის რაიონში ბევრგან შეგხვდებათ ერთმანეთზე გადაკრული და ჩამოხეული კანდიდატის პლაკატები – ეს ბრძოლა ძირითადად ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი