ახალი ამბები

რა კავშირი აქვს ივანიშვილთან რონჟესის გაყიდულ ქონებას

15 ივნისი, 2012 • 1667
რა კავშირი აქვს ივანიშვილთან რონჟესის გაყიდულ ქონებას

რონჟესი გუშინ დაახლოებით ხუთი საათის განმავლოვაში იკითხებოდა მოწმის სტატუსით საქმეზე, რომლის გამოძიებაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ასევე, გუშინ, 14 ივნისს დაიწყო ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც  2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, საქართველოს კანონმდებლობითა და  შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.

“ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია, ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნას დაკითხული”, – ასე ახსნა გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალექსანდრე რონჟესის მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზეზი.

ადვოკატი ლილი გელაშვილი, რომელიც რონჟესის დაკითხვის პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ აშშ-ის მოქალაქის დაკითხვაში გამომძიებელთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გამომძიებლები როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ისე – მთავარი პროკურატურიდან.

“გამომძიებლების შთამბეჭდავი რაოდენობა იყო, მაგრამ უშუალოდ დაკითხვას აწარმოებდა სამი გამომძიებელი მთავარი პროკურატურიდან”, – აცხადებს ლილი გელაშვილი.

მისივე თქმით, გამომძიებლების მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა რონჟესის მიერ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გატანის თაობაზე, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, “საეჭვო ოპერაციად” მიიჩნია ქართულმა გამოძიებამ და რის გამოც დაიწყო გამოძიება.

“ხელზე გამოტანა არანაირი თანხის არც მომხდარა და, შესაბამისად, კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. ბანკიდან არაფერი მოუხსნია მას. არც ხელზე გამოტანილი ფულის დეკლარირებაზე არ არის საუბარი. მათ აინტერესებდათ, მოხდა თუ არა სამართლებრივად დარეგისტრირება და გადახდა თანხების უძრავ ქონებაზე, რომელიც მან გაყიდა”, – აცხადებს ლილი გელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე რონჟესმა უძრავი ქონება შპს “ლიზინგი 21”-ს მიყიდა 3 მილიონ 100 ათას ლარად. გელაშვილის თქმით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა და ის საჯარო რეესტრში არ გატარებულა.

“უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ირგვლივ იყო კითხვები და მან ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი და თან დოკუმენტებიც აჩვენა. გამოძიებას აღარ დაუსვამს კითხვები. შესაბამისად, იქნა კიდეც გამოშვებული, დასრულდა მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. მისთვის ისიც კი არ უთხოვიათ, რომ საქართველოში დარჩეს,” – აცხადებს ადვოკატი ლილი გელაშვილი.

აშშ-ის მოქალაქე ალექსანდრე რონჟესი “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”, იგივე “გლობალ ტვ”-ის 17.2%-იანი წილის მფლობელია. აღნიშნულ კომპანიაში 66.8%–ს წილს ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს. კომპანიის ირგვლივ სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტურ პროცესებში ჩაერთო.

ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავს უკავშირდება ასევე კომპანია “ლიზინგი ოცდამეერთე”, რომელმაც 8 ივნისს 3 მილიონ 100 ათას ლარად იყიდა რონჟესისგან უძრავი ქონება თბილისში. “ლიზინგი ოცდამეერთეს” 100%-იანი წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე დარიგისტრირებული კომპანია “ფინსეკ ლიმიტედია”, თუმცა, საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი კახა კობიაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი