GNCC შეისწავლის, გააყალბა თუ არა “რუსთავი 2”-მა GFK-ის კვლევის შედეგები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლას იწყებს.

კომისიის ცნობით, რამიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში გამოვლინდა “GFK”-ის მიერ სოციალური კვლევის გაყალბების სავარაუდო ფაქტი. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მიხედვით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება აკრძალულია და ამ მოთხოვნის დაცვაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

GNCC-ის განცხადებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წერილობით მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, GFK Customs Research LLC-ს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს და საკითხის შესწავლის მიზნით საქმესთან არსებული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე და 82-ე მუხლებით გათვალისწინებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესებთან შესაბამისობის დროულად დადგენის მიზნით, ასევე, ზემოთხსენებული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო, კომისიამ მხარეებს ინფორმაციის წარმოსადგენად ვადა 2016 წლის 5 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების თაობაზე კომისია ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი