ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის დეკლარირებული ქონება

3 ოქტომბერი, 2016 • 2165
პაატა ბურჭულაძის დეკლარირებული ქონება

საცხოვრებელი სახლები ბერლინში, თბილისში, აგარაკი მცხეთაში, მიწის ნაკვეთები ქუთაისსა და წინანდალში, 400 ათას ლარზე მეტი საბანკო ანგარიშებზე და 300 ათასი ლარი ნაღდი ფული – ეს იმ ქონების არასრული ჩამონათვალია, რაც პაატა ბურჭულაძემ თავის ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა.

დეკლარაციაში, რომელიც ბურჭულაძემ 2016 წლის 15 სექტემბერს შეავსო, მითითებულია, რომ ნაღდი ფულის სახით ფლობს 300 ათას ლარს, თიბისი ბანკის ანგარშზე – 202 224 ლარს, ვი თი ბი ბანკში – 88 240 აშშ დოლარს, იმავე ვი თი ბი ბანკში- 105 426 ლარს მისი ცოლის, ანჟელა კასილენკოს ანგარიშზე.

ამის მიუხედავად, პაატა ბურჭულაძე მუდმივად საუბრობს ფინანსურ დეფიციტსა და პრობლემებზე, რასაც მისი პოლიტიკური ძალა – “სახელმწიფო ხალხისთვის” განიცდის. გუშინ, 2 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ პარტიამ დატოვა ცენტრალური ოფისი, რომელიც აღმაშენებლის 150-ში მდებარეობს. მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახელდა.

ფინანსურ საკითხს უკავშირდება 27 სექტემბერს “ბურჭულაძე-ვაშაძე-კაციტაძე-გირჩის” საარჩევნო ბლოკიდან გირჩის გასვლაც. როგორც გირჩის წევრებმა განაცხადეს, ბურჭულაძემ მათი წევრების სიაში დატოვების სანაცვლოდ ფული მოსთხოვა. გირჩი ასევე საუბრობდა იმის შესახებაც, რომ პარტია ხელფასს ვერ უხდის კოორდინატორებს. თავის მხრივ, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და მისი თანხები არ სჭირდებოდა, სულაც “უკაპიკოდ” რომ დარჩენილიყო.

პაატა ბურჭულაძის დეკლარაციის მიხედვით, მას 2014 წელს გასესხებული აქვს 516 754 ლარი, ზეპირი ხელშეკრულების მიხედვით.

“ნეტგაზეთი” შეეცადა პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებას, რათა მისთვის ეკითხა, თუ რისთვის ინახავს ნაღდი ფულის სახით 300 ათას ლარს, ან რატომ შეექმნა მის პარტიას ფინანსური პრობლემები მაშინ, როცა მას აქვს სოლიდური თანხები როგორც ხელზე, ისე საბანკო ანგარიშებზე. თავდაპირველად ბურჭულაძის პრესსამსახურში დაგვპირდნენ, რომ შეეცდებოდნენ პარტიის ლიდერთან ჩვენს დაკავშირებას, რომელიც დღეს აჭარაში მართავს ამომრჩევლებთან შეხვედრებს, თუმცა ამის შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

 

დეკლარაციის მიხედვით, პაატა ბურჭულაძე არის “ახალი სამშენებლო კომპანიის” პარტნიორი, ხოლო მისი ცოლი- ფონდ “იავნანას” წარმომადგენელი საზღვარგარეთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი