ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის დეტალების შესახებ

2 ოქტომბერი, 2016 • 2798
ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის დეტალების შესახებ

გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, იცის იმ პირების ვინაობა, ვინც  დღეს, 2 ოქტომბერს, გორში თავს დაესხა.

ოქრუაშვილი ამ ადამინების გვარებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათ “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან აქვთ კავშრი:

“ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბუძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს, მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე, მან მოიყვანა ვინმე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელსაც ჰქონდა სურვილი, ასევე აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. ჩემი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად, საკმაოდ დელიკატურად აუხსნეს ყველაფერი, რომ მას ეს არ გამოუვიდოდა. ბოლოს, შეხლა-შემოხლის შედეგად, მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა მოახდინა როგორც ჩემ მიმართ, ასევე ჩემი დაცვის წევრების მიმართ.

ბოლო კვირების განმავლობაში გორში განსაკუთრებით შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება საარჩევნო პროცესში. ამ ყველაფრის თავი გახლდათ კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა ამ ბიჭების ამდაგვარ აქტიურობას. მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ისევე, როგორც სახელმწიფოებრივად მიმდგომი და მოაზროვნე, ამ შემთხვევაში, არ ვაპირებ ამ ადამიანების ჩემი მეთოდებით, ჩემი ძალებით ძებნას, მიუხდავადად იმისა, რომ ამის სურვილი გამაჩნია. მე ვაპირებ, დაველოდო პოლიციის რეაგირებას. პოლიციას აქვს საკმაოდ მცირე დრო იმისათვის, რომ ეს ადამიანი იპოვოს,”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

ნეტგაზეთს შსს-ში ასევე განუცხადეს, რომ ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი