ახალი ამბები

“რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს

12 ივნისი, 2012 •
“რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს

ქათამაძე საგამოცდო ცენტრის კურატორად და დამკვირვებლად 8 წლის მანძილზე მუშაობდა ქუთაისში.

 

“მანამდეც ვიყავი ოპოზიციაში და აქტიურ საქმიანობას ვეწეოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა. მაია მიმინოშვილი მისი შვილის გამო დასაჯეს და  დიდად მეც არ გამკვირვებია ეს ფაქტი. მე დღეს პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს საგამოცდო ცენტრიდან და  ტესტირებაზე აღარ დამიშვეს,“ – აცხადებს ნატო ქათამაძე.

 

ქათამაძე ამბობს, რომ ის მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათი მათი დახმარებით შეძლოს საგამოცდო ცენტრიდან მისი დათხოვნის მიზეზის შესახებ ინფორმაციის მოძიება:

 

“ჩემთვის არ არის ცნობილი, რა მიზეზით გამიშვეს. თითქოს ეს ყველაფერი როტაციის გამო მოხდა. თუმცა რეალური მიზეზი ვერ მითხრეს ვერც ქუთაისში და ვერც  თბილისში”, – ამბობს ნატო ქათამაძე.

 

ქუთაისში, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ზეინაბ ხაჩიძე, რომელიც, იმავდროულად, არის იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ ნატო ქათამაძე ცენტრიდან როტაციის შედეგად გათავისუფლდა:

 

„ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა წელს არ მუშაობდა კურატორი და შარშან მუშაობდა და პირიქით. წელსაც მოხდა როტაციის ფაქტი კურატორებს შორის. ნატო ქათამაძე ასევე როტაციის წესით მოხვდა კურატორის პოზიციაზე რამდენიმე წლის წინ“.

 

ხაჩიძის თქმით, ქათამაძის გარდა, როტაციის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი იქნა გათავისუფლებული ცენტრიდან: ზაზა ლეკვეიშვილი, ტარიელ დათიაშვილი, ნიკა დეისაძე და თამუნა ნაჭყებია.

 

„ჩემ მიერ ჩამოთვლილ პირებს  ვერ დავუკავშირებ ვერც ერთ პოლიტიკურ როტაციას, რადგან უმრავლესობა მათგანი არის საჯარო მოხელე. პირველად ვდგავარ ამ პრობლემის წინაშე,“ – ამბობს ზეინაბ ხაჩიძე.

ნატო ქათამაძე
ნატო ქათამაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი