ახალი ამბები

გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას გამორიცხავს

1 ოქტომბერი, 2016 • 1531
გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას გამორიცხავს

ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარე, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს გამორიცხავს. გვენეტაძე აცხადებს, რომ თუ მოსამართლეები თავად გააკეთებენ ზეწოლის შესახებ განცხადებას, ის ამ ფაქტებით დაინტერესდება, თუმცა ამ ეტაპზე სხვა პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ობიექტურ საფუძველსაა მოკლებული.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ისეთი კატეგორია და ისეთი კადრია, რომელზეც ზეწოლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

მე თქვენი არხის დირექტორის ინფორმაციის გადამოწმებას ნამდივლად ვერ შევუდგები, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, ნამდვილად შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხულია.

კონკრეტული საქმის განმხილველ მოსამართლეებს საქმის დეტალებზე არ დავეკონტაქტები იმიტომ, რომ ეს მათ საქმიანობაში ჩარევაა… თუ ისინი განაცხადებენ ზეწოლის შესახებ, ჩვენ რეაგირება გვექნება, მაგრამ ასეთი განცხადება მათი მხრიდან არ ყოფილა.

ის განცხადება [გვარამიას განცხადება], რომელიც ობიექტურ საფუძველს მოკლებულია, არ გადამოწმდება, ” – განაცხადა გვენეტაძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ სამ მოსამართლეზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ზეწოლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი