მიუხედავად იმისა, რომ ფონდი ”ქართუ” და ”ატუ” უკანონოდ მიიჩნევენ კონტროლის პალატის მოთხოვნას, მაკონტროლებელს მაინც უგზავნიან ბოლო 6 თვის ფინანსურ ანგარიშებს.
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმდინარე წლის 8 ივნისს საქველმოქმედო ფონდებს – ”ქართუსა” და ”ატუს” 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული ფინანსური ოპერაციების ანგარიში მოსთხოვა.
”აღნიშნული მიმართვა ეფუძნება დასაბუთებულ ვარაუდს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე, რაც ფონდი ,,ქართუს” შემთხვევაში უკავშირდება იმ ფაქტებს, რომ იგი წარმოადგენს გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას და, ამავდროულად, ფონდის დირექტორი (გამგეობის თავმჯდომარე) ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის – კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ასოციაცია ”ატუს” შემთხვევაში დგინდება მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს ”ბურჯთან” და შპს ”ელიტა ბურჯთან”, რომლებიც ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზედაც სამართალწარმოება მიმდინარეობს სასამართლოში,” – ნათქვამია ნათია მოგელაძის უწყების მიერ 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
კონტროლის პალატის მტკცებით, ამ ფონდებიდან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის მიზანია იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა საქართველოს ორგანულ კანონს ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”.
კონტროლის პალატის მოთხოვნაზე პასუხის წერილობით გაგზავნის გარდა, ფონდმა ”ქართუმ” და ”ატუმ” უწყებას საჯაროდ ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით უპასუხეს.
”ქართუს” მტკიცებით, ფონდის დამფუძნებლები არიან სააქციო საზოგადოება ”ქართუ” და კანადის მოქალაქე გბეგო ტოსსა აჰოგნიბო ჟილბერი. ფონდ ”ქართუს” განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებამდე გადადგა ფონდის თავმჯდომარის თანამდებობიდან და მისი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
”საქართველოს კონტროლის პალატამ, როგორც პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭირვალობაზე მონიტორინგის განმახორციელებელმა ორგანომ, თავისი ფუნქციები მოიპოვა 2011 წლის 28 დეკემბრიდან, როდესაც ძალაში შევიდა შესაბამისი ცვლილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. გამომდინარე ზემოთქმულიდან, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური არ არის უფლებამოსილი, ვინმესგან მოითხოვოს მასალები, რომლებიც შეეხება 2011 წლის 28 დეკემბრამდე არსებულ პერიოდს,” – ნათქვამია ფონდ ”ქართუს” განცხადებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია თავის ფინანსურ ანგარიშებს ისედაც რეგულარულად აქვეყნებდა და ამ დოკუმენტებს კონტროლის პალატას უპრობლემოდ მიაწვდის.
”გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ თქვენს წერილში აღნიშნული არც ერთი ვარაუდი არ შეესაბამება სინამდვილეს, გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ, თუ რა სახის დასაბუთება გააჩნდა თქვენს სამსახურს[კონტროლის პალატას] ჩვენ მიმართ რაიმე სახის ვარაუდის გაჩენისთვის და კონკრეტულად მიგვითითოთ, 261-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი გარემოების არსებობას გულისხმობთ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიმართებაში,” -კონტროლის პალატას მიმართავს ფონდი ”ქართუ”. აღნიშნულ მიმართვას დანართის სახით თან ახლავს ფინანსური დოკუმენტაცია.
ფინანსურისა და დამფუძნებლების შესახებ ინფრომაციას ნათია მოგელაძეს ასევე უგზავნის ასოციაცია ”ატუ”. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ასოციაციის დამფუძნებლები არიან: ბიჭია დმეტრაშვილი, ელდარ გოგოლაძე და ეთერ დემინაშვილი.