რუსეთში საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 12 ივნისს, როდესაც რუსეთში ეროვნული დღესასწაული – რუსეთის დღე აღინიშნება, მოსკოვში ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარში უნდა გაიმართოს, თუმცა დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო მოძრაობის ლიდერების სახლები გაჩხრიკეს და ისინი დაკითხვაზე დაიბარეს.

აქტივისტების სახლებში ჩხრეკის თაობაზე ტვიტერში თავისი მიკრობლოგის საშუალებით   საზოგადოებას პირველად ალექსეი ნავალნიმ აუწყა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ილია იაშინის, სერგეი უდალცოვის და ქსენია სობჩაკის სახლებშიც.

 

ისინი დღეს, მოსკოვის დროით 11 საათზე დაიბარეს დაკითხვაზე. როდესაც მოსკოვშისაპროტესტო მარში უნდა დაიწყოს: ნავალნი, იაშინი, უდალცოვი და სობჩაკი 2012 წლის 6 მაისის საქმეზე დაიკითხებიან, რა დროსაც საპროტესტო აქციის, ე.წ. “მილიონიანი მარშის” დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და მასობრივი არეულობის ფაქტები დაფიქსირდა, რის გამოც, რუსეთის შსს-ს ცნობით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.

  

“მილიონიანი მარში” 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად მესამე ვადით ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

 

ანალოგიური მოთხოვნები გაჟღერდება დღეს მოსკოვში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც.

 

გასულ კვირაში პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც გაიზარდა ჯარიმის ოდენობა იმ პირების მიმართ, რომლებიც არასანქცირებულ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.

 

დღეს რუსეთში პირველად ტარდება მასობრივი საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი მესამე ვადით ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge