ახალი ამბები

რა უთხრა პატრიარქმა რომის პაპს და რა გამოქვეყნდა საპატრიარქოს ვებ–გვერდზე

30 სექტემბერი, 2016 • 2834
რა უთხრა პატრიარქმა რომის პაპს და რა გამოქვეყნდა საპატრიარქოს ვებ–გვერდზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული მისასალმებელი სიტყვის ვერსია გაცილებით გრძელია, ვიდრე ტექსტი, რითაც პატრიარქი ილია II მიესალმა რომის პაპ ფრანცისკეს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული  ტექსტი რამდენიმე დამატებით დეტალს შეიცავს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ: “ვიდრე ხელისუფლებები არ გააცნობიერებენ ღვთის რწმენის მნიშვნელობას და საზოგადოებაშიც მის დანერგვას ხელს არ შეუწყობენ, მდგომარეობა არ გამოსწორდება”. პატრიარქს კი ამ ნაწილზე თავის სიტყვაში არ უსაუბრია.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ვრცელ ტექსტში ვკითხულობთ, რომ “ანტისემიტიზმს არასოდეს  ჰქონია ადგილი ამ ქვეყანაში – ებრაელებს საქართველო მუდამ თავის შვილებად აღიქვამდა და ყოველთვის იფარავდა  დევნისაგან”, ილია II-მ კი ტექსტის ეს ნაწილი გამოტოვა. 

ილია II-ს პაპთან მისალმებისას ასევე არ უსაუბრია ტერაქტებზე, ოჯახის სიმტკიცესა და “ოჯახის ინსტიტუტის დაცვაზე”, განვითარებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე “მსოფლიოს ქაოსისგან დაცვის საქმეში”, თუმცა საპატრიარქოს ,იერ გავრცელებული ვერსია ამ თემებსაც მოიცავს. თუმცა პატრიარქის სიტყვა არ შეიცავდა ისეთ დამატებით დეტალებს, რაც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ვერსიაში არ არის ნახსენები.

“ნეტგაზეთი” შეეცადა, დაკავშირებოდა პატრიარქის მდივანს და ეკითხა, თუ რატომ გაავრცელა საპატრიარქომ პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა პაპის მიმართ შეცვლილი სახით, თუმცა მიქაელ ბოტკოველმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ჩვენ ვერც საპატრიარქოს პრესცენტრს დავუკავშირდით.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 2016 წლის 30 სექტემბერს ეწვია. ის თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე ჩამოფრინდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, მთავრობის წევრები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ. პაპის შესახვედრად ასევე შეიკრიბა კათოლიკე ეკლესიის მრევლი.

რომის პაპის ვიზიტს პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია: 30 სექტემბერსვე თბილისის აეროპორტის გზატკეცილზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტეს.

ნახეთ ასევე: რომის პაპის აქცენტები მშვიდობაზე, საქართველოსა და განსხავებულობის მიღებაზე თბილისში სტუმრობისას

მასალების გადაბეჭდვის წესი