ახალი ამბები

ილია მეორე: მთელ მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი

30 სექტემბერი, 2016 • 4756
ილია მეორე: მთელ მსოფლიოში არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი

ილია მეორე რომის პაპთან შეხვედრისას აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები მოგვარდება, თუმცა მთავარია სულიერი პრობლემების დაძლევა. მისი თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი მადლობას უხდის ფრანცისკე პირველს იმისთვის, რომ რომის პაპი აგრძელებთ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც სათავე პირველ საუკუნეში ჩაეყარა. ილია მეორე ამბობს, რომ განვლილი ოცი წლის განმავლობაში რომისა და საქართველოს ეკლესიებს მრავალი პრობლემა ჰქონდათ, რაც დღეს დაძლეულია.

“მოხარული ვარ, რომ ჩამოხვედით საქართველოში და აგრძელებთ იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც სათავე ჩაეყარა პირველ საუკუნეში. ჩვენი ორი ეკლესია უძველესი სამოციქულო ეკლესიებია: რომის ეკლესია დაარსებულია პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს ეკლესია დაარსებულია ანდრეა პირველწოდებულის მიერ. ესენი არიან ძმანი და ჩვენი ეს ურთიერთობა მომდინარეობს ამ ძმური სიყვარულით. მინდა ვთქვა, რომ 20 საუკუნე ჩვენ ძმური სიყვარულით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველოს არის ის ქვეყანა, სადაც ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთსმშობლისა. ამიტომ ჩვენი არსებობა, ჩვენი კეთილდღეობა მთლიანად დაკავშირებულია ამ სულიერ მოღვაწეებზე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მრავალი პრობლემაც გვქონდა ჩვენ და უნდა აღვნიშოთ, რომ ეს პრობლემები იყო ღვთის ლოცვა–კურთხევით დაძლეული,” – მიმართავს ილია მეორე ფრანცისკე პირველს.

საქართველოს პატრიარქის განცხადებით, დღეს კაცობრიობა დიდი პრობლემის წინაშე დგას, რომელსაც გლობალიზაციის პროცესს უკავშირებს. მისი თქმით, გლობალიზაციას გააჩნია დიდი საშიშროება, ერთფეროვნად გადააქციოს მთელი მსოფლიო:

“დღეს კაცობრიობა დგას დიდი პრობლემის წინაშე – ეს არის გლობალიზაციის პროცესი. თავისთავად, გლობალიზაცია არ არის ცუდი მოვლენა, მაგრამ ამას გააჩნია დიდი საშიშროება, რომ ერთფეროვნებად არ გადაიქცეს მთელი მსოფლიო, ერთფეროვან ქვეყანად. კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში და კულტურაში, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან სულიერებაში და სარწმუნოებაში და ეს საშიშროებაა ჩვენ წინაშე.”

ილია მეორემ რომის პაპთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე. პატრიარქი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, ხოლო ეს კონფლიქტები არის ხელოვნურად შექმნილი. როგორც პატრიარქი ამბობს, ეს პრობლემები დაიძლევა, ხოლო მთავარია სულიერი პრობლემების დაძლევა.

“დღეს საქართველო არის ახალი პრობლემების წინაშე – თითქმის 500 ათასი ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ცხინვალი და აფხაზეთ არის ძირძველი ქართული მიწა. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და არასდროს ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაიძლევა. მთავარია, დავძლიოთ სულიერი პრობლემები; ქვეყანაში ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი,” – ამბობს პატრიარქი.

ილია მეორემ ფრანცისკე პირველს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მართმადიდებლურ ეკლესიას საშუალება ეძლევა, ვატიკანის ბიბლიოთეკაში ძველ ხელნაწერებზე იმუშაოს. პატრიარქმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობას და მას საჩუქრად ქართული ხატი გადასცა:

“საქართველოს ეკლესია ღებულობს მონაწილეობას დიალოგებში, რომელიც არის კათოლიკური და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, ვიმუშაოთ ხელნაწერებზე, რომელიც მრავლად არის ვატიკანის ბიბლიოთეკაში და რომელიც ასახავს ჩვენს წარსულს. ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით მომავალში, თუ ამ მეცნიერულ საქმიანობას შეუწყობთ ხელს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენს თანმხლებ პირებს – კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ორი ეკლესია.”

დღეს, 30 სექტემბერს, რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დახვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი