საქართველოში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყანაში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობას ვუძღვნი ყოვლისმპყრობელ ღმერთს, რომ მომეცა შესაძლებლობა ვწვეოდი ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრისა და ურთიერთგაცვლის ადგილს, რომელმაც მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს ქადაგებიდან მოყოლებული ქრისტიანობაში ჰპოვა სიღრმისეული მეობა და ფასეულობათა მყარი საფუძველი. როგორც წმინდა იოანე-პავლე მეორემ თქვენს სამშობლოში სტუმრობისას განაცხადა, ქრისტიანობა იქცა იმ მარცვლად, რომლიდანაც შემდგომში აყვავდა ქართული კულტურა და ამ მარცვალს კვლავაც მოაქვს თავისი ნაყოფი. მადლიერებით ვიგონებ რა ჩვენს შარშანდელ შეხვედრას ვატიკანში, და იმ კეთილ ურთიერთობებს, რომელსაც საქართველო მუდამ ინარჩუნებდა წმინდა საყდართან, გულითად მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრეზიდენტო მოწვევისა და იმ თბილი მისასალმებელი სიტყვისათვის, რომლითაც მომმართეთ სახელმწიფოს, ხელისუფლებისა და მთელი ქართველი ერის სახელით. თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია თქვენივე კულტურით, ტრადიციებითა და ენით გამორჩეულ ადგილს მიუჩენს [საქართველოს] ევროპული ცივილიზაციის წიაღში. ამავე დროს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, რომელიც ხალხებსა და ურთიერთობებს აკავშირებს. თქვენი ეროვნული ჰიმნიც ამაყად გვიცხადებს: ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა. სამშობლო მართლაც ხატია, რომელიც გვიყალიბებს მეობას, გვანიჭებს იერსახეს და ისტორიას გვისახავს”, – განაცხადა რომის პაპმა.
მან ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა:
“ბატონო პრეზიდენტო, 25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ პერიოდის მანძილზე მოპოვებული სრული თავისუფლების პირობებში თქვენმა ქვეყანამ ააშენა და განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები, დასახა საყოველთაო და მტკიცე განვითარების გზები. ამ ყველაფერმა დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დამოუკიდებლობა, ასე ნანატრი თავისუფლება დაეცვა. გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე საზოგადოების ყველა წევრს ხელჩაკიდებულს ევლოს, რაც სტაბილურ, სამართლიან და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს შექმნიდა, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების ზრდას და ყველასათვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნას. ამგვარ ჭეშმარტსა და მდგრად წინსვლას თავისი აუცილებელი წინასწარი პირობაც აქვს: ესაა რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ხანგრძლივი და ჭეშმარიტი მშვიდობისაკენ მიმავალი გზის გასაკვალად იმის შეგნებაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია, პრინციპები ქვეყნებს შორის მოწესრიგებულ და მშვიდობიან თანაარსებობას ემსახურებოდეს. მსოფლიოს უამრავ ნაწილში, როგორც ჩანს, ჭარბობს ის ლოგიკა, რომელიც უთანხმოებების ცივილიზებული განსჯისა და დიალოგის კალაპოტში მოქცევას ართულებს, სადაც გაიმარჯვებდა საღი აზრი, ზომიერება და პასუხიმსგებლობის გრძნობა. ეს განსკაუთრებით საჭიროა დღეს, როცა არცთუ იშვიათია ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომელიც მანიპულირებს სამოქალაქო თუ რელიგიური პრიცნიპებით და ამახინჯებს მათ. აუცილებელია, რომ ყველა ჩვეგნგანის გულში უპირველესი ადგილი ეკავოს ადამიანის ბედს ამ სიტყვის კონკრეტული გაგებით. მოთმინება და ძალისმხევა არ უნდა დავიშუროთ, რათა უთანხმოება ძალადობაში არ გადაიზარდოს, რაც ეგზომ აზარალებს ადამიანსა და საზოგადოებას. ნებისმიერი განსხვავებულობა: ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური, არა უთანხმოებად, არამედ ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ უნდა იქცეს, რაც სავსებით შესაძებელია. ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება. ვისურვებდი, რომ საზოაგდეობრივი პასუხიმსგბელობის მქონე პირებმა განსაკუთრებით გაითავისონ ამ ადმიანების მდგომარეობა. ეძიონ მათი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები თუნდაც გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხების პირობებშიც კი. აქ საჭიროა შორსმჭვრეტელობა და სიმტკიცე, რათა განვსაზღვროთ, თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სიკეთე ხალხთათვის და გაბედულად, გონიერებით მიყვეთ მას. ამავე დროს, მუდამ თვალწინ უნდა გვედგას ტანჯული ადმაიანი, რათა თავდაჯერებით ვიაროთ მშვიდობის მშენებლობის გზაზე.
კათოლიკე ეკლესიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს ამ მიწაზე და განსაკუთრებული ძალისხმევით მოღვაწეობს ადამიანის განმავითარებელ თუ საქველმოქმედო სფეროებში და მოზიარეა ქართველი ხალხის სიხარულისა თუ საფიქრალისა, სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან. ვიმედოვნებ, რომ ის კვლავაც შეიტანს თავის ბუნებრივ წვლილს ქართული საზოგადოების ზრდაში – ჩვენი საერთო ქრისტიანული ტრადიციების, უპოვართა სასიკეთოდ გაწეული ძალისმხევის გზით და უძველეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქვეყნის სხვა რელიგიურ საკრებულოებთან განახლებული დიალოგისა და განმტკიცებული ურთიერთობების მეშვეობით. ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – განაცხადა პაპმა პრეზიდენტმთან შეხვედრის შემდეგ.