საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ნამუშევრების აღდგენის პროექტი იწყება.
პროექტი ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევრის: „შოთა რუსთაველისა“ და „თამარ მეფის“ სრულ რესტავრაციას გულისხმობს. ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაშია დაცული.
დღეს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში ეს ნამუშევრები რამდენიმე საათით განთავსდა, შემოწმდა მათი მდგომარეობა და გადაიგზავნა ეროვნულ მუზეუმში, სადაც შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები, ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი, მათ რესტავრაციას ჩაუტარებენ.
მუზეუმს სტუმრობდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე.
რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში, მირზაანის ფონდში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება.
შოთა რუსთაველი და თამარ მეფე ფიროსმანისთვის, როგორც ჩანს, საყვარელი თემაა. მათი პორტრეტები ნიკო ფიროსმანს რამდენჯერმე აქვს შესრულებული და ისინი სხვადასხვა კოლექციებში ინახება.
სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს ოჯახმა ეს ნამუშვრები გადასცა „ხალხთა მეგობრობის მუზეუმს“, საიდანაც შემდეგ უკვე მოხვდა ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში. ამ დროიდან ნამუშევრები მუზეუმის კოლექციაში ინახება.
ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო ნახატებს მრავალმხრივ დამუშავება ესაჭიროება. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია შოთა რუსთაველის წლად. სიმბოლურად, სწორედ ამ წელს დავამთხვიეთ ‘შოთა რუსთაველისა“ და მასთან ერთად „თამარ მეფის“ – ამ ორი უნიკალური ნამუშევრის აღდგენის ინიციატივაც და ვფიქრობთ, ეს კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის კარგი მაგალითია,“- განაცხადა თიბისი ბანკის მედიაკომუნიკაციების დირექტორმა, თამარ კირვალიძემ.