ახალი ამბები

აუდიტის სამსახური ბურჭულაძის პარტიის დაფინანსების შესაძლო უკანონო სქემით დაინტერესდა

29 სექტემბერი, 2016 • 1442
აუდიტის სამსახური ბურჭულაძის პარტიის დაფინანსების შესაძლო უკანონო სქემით დაინტერესდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხათუნა ლაგაზიძეს გამოკითხვაზე იბარებს, რომელმაც გუშინ სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.

ხათუნა ლაგაზიძემ აუდიტის სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” უპასუხა და განაცხადა, რომ ტელეეთერებით საკუთარი სათქმელი უკვე თქვა და კითხვების ადრესატები სხვები არიან. მიუხედავად ამისა, ლაგაზიძის განცხადებით, თუ უწყება მიუვა, აუცილებლად მივა აუდიტის სამსახურში:

“1. როდესაც “გირჩის” წვერები საუბრობენ იმაზე, რომ მათ ბურჭულაძემ მილიონები მოსთხოვა, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებს უნდა აინტერესებდეთ, როგორ აპირებდა ბურჭულაძე ამ მილიონების შემოწირულების სახით გათეთრებას, როცა ფიზიკურ პირზე პარტიისთვის შესაწირი თანხის ოდენობა არ აღემატება 60 00 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან – 120 00 ლარს; 2. როცა იგივე “გირჩის” წევრები საუბრობენ, რომ მათ შეასრულეს ფინანსური ვალდებულებები ბურჭულაძესთან, სად და რა ციფრებში გამოისახა ეს ფინანსური ვალდებულებები, როცა ბურჭულაძის დავალიანება საკუთარი პარტიის წვერების მიმართ 2 თვეს და უამრავ ადამიანს ითვლიდა?! ეს არის კითხვები, რომლებიც მე მაინტერესებს და რომლებიც უნდა აინტერესებდეს, ბუნებრივია, ყველას. ეს არის ჩემი სათქმელი აუდიტის სამსახურთანაც, თუმცა თუ უწყება მომივა, რა თქმა უნდა, მივალ და ამავეს გავიმეორებ. ანუ კითხვების ადრესატები სხვები არიან და არა – მე.”

ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის ყოფილი წევრი პოლიტიკური პარტიების ფინანსების კანონიერების შესწავლის ფარგლებში აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე 30 სექტემბერს, 12:00 საათზეა დაბარებულია, რის შესახებაც უწყება დღეს გაეგზავნა. აუდიტის სამსახურმა მას საჯარო განცხადებითაც სთხოვა თბილისის ოფისში მისვლა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლაგაზიძეს უწყება თხოვნის ფორმით გაეგზავნა, ვალდებულება არსებობს, რომ ბურჭულაძის პარტიის ყოლიი წევრი მაინც მივიდეს გამოკითხვაზე. თუმცა, როგორც აზნაურაშვილი ამბობს, იძულებითი ღონისძიებები ასეთ შემთხვევაში არ არსებობს.

ხათუნა ლაგაზიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯერჯერობით უწყება არ მიუღია. მისი თქმით, ამჟამად საკუთარ იურიდიულ მისამართზე არ ცხოვრობს, მაგრამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უწყების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გადასცემდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი