ახალი ამბები

პაპუაშვილი მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს

28 სექტემბერი, 2016 •
პაპუაშვილი მოსამართლეობის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, რომელსაც მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურება, ამბობს, რომ გეგმავს აკადემიური საქმიანობა გააგრძელოს.

ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში, კონსტიტუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

“ყოველთვის ამ ინსტიტუციის გულშემატკივარი დავრჩები იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი იქ და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მას. ასევე, წარმატებას ვუსურვებ იმ მოსამართლეებს, ვინც რჩებიან, რომ უფრო მეტად წარმატებული გახდეს მათი საქმიანობა. გარედან ჩემი საქმიანობა, რომელიც, პირველ რიგში, დაკავშირებულია აკადემიურ საქმიანობასთან, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში კონსულტაციას გავუწევ კონსტიტუციური პროცესების განვითარებას და ამიტომ აქედანაც ხელს შევუწყობ, რომ ცნობიერება კონსტიტუციასთან დაკავშირებით უფრო მეტი იყოს საზოგადოებაში,”- განაცხადა მან.

საკონტიტუციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, ასევე “კაბელებისა” და გიგი უგულავას საქმეების განხილვა. თუმცა ახალი მოსამართლეების შემოსვლისას საქმეების განხილვა თავიდან დაიწყება. კითხვაზე, რა ბედი ელის გახმაურებულ საქმეებს, პაპუაშვილი ჟურნალისტებს პასუხობს: “ამაზე ახალ მოსამართლეებს უნდა ჰკითხოთ”.

2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, ქეთევან ერემაძეს, დავით სიჭინავას და კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში გასდით. 30 სექტემბრიდან ახალი მოსამართლეები შეუდგენიან უფლებამოსულების შესრულებას. ამ ოთხი მოსამართლიდან ორი პრეზიდენტის კვოტით იყო დანიშნული და გიორგი მარგველაშვილმა მათი შემცვლელები – ირნა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დაასახელა. საკუთარი კვოტით თეიმურაზ ტუღუში დანიშნა უზენაესმა სასამართლომ. მეოთხე წევრი პარლამენტმა უნდა დანიშნოს. მისი ვინაობა სავარაუდოდ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი